COVID-19-ის დამძიმების 9 ნიშანი, რომლის დროსაც პაციენტმა კლინიკას უნდა მიმართოს – ცერცვაძის განმარტება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ თუ ინფიცირებული პაციენტები კლინიკებს დროულად მიმართავენ, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, მინიმუმამდე დაიყვანოს გარდაცვალების მაჩვენებელი.

მისი თქმით, საქართველოს კორონავირუსისგან გარდაცვალების ერთ–ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს.

“მთელი COVID-19-ის პანდემიის მანძილზე საქართველოს აქვს ევროპის და ამერიკის ქვეყნებს შორის (ჩვენი მეზობელი ქვეყნების ჩათვლით) COVID-19-ისგან გარდაცვალების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (1,23%). ასე იყო გაზაფხულ-ზაფხულზე, ასე იყო COVID-19-ის პანდემიის პიკის პერიოდშიცდა ასეა ახლაც. ასე მაგალითად, ბოლო 10 დღის მანძილზე საქართველოში დღეში ფიქსირდება COVID-19-ით გარდაცვალების 10-დან 20-მდე შემთხვევა, გაცილებით ნაკლები, ვიდრე სხვა ქვეყნების უმეტესობაშიც. მაგრამ ჩვენთვის ესეც მტკივნეულია და მიგვაჩნია, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა კიდევ უფრო მეტად შეამციროს და მინიმუმამდე დაიყვანოს გარდაცვალების მაჩვენებელი”,– წერს ცერცვაძე.

მისი განმარტებით, ბოლო პერიოდში COVID-19 გარდაცვალების შემთხვევების ანალიზმა აჩვენა, რომ უმრავლეს შემთხვევაში სიკვდილის მიზეზი პაციენტების დაგვიანებული მომართვიანობაა.

ცერვაძის განცხადებით, ამას 2 მიზეზი აქვს:

  • რესპირაციული ინფექციით პაციენტები არაიშვიათად არ იკეთებენ ან დაგვიანებით იკეთებენ COVID-19-ზე ტესტირებას და ეს მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქვეყანაში კეთდება COVID-19 ტესტების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა – 20 ათას გამოკვლევამდე დღეში და ის ხელმისაწვდომია ყველა მსურველისათვის უფასოდ.
  •  პაციენტები COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზით ამჯობინებენ თვითმკურნალობას სახლში ექიმის მეთვალყურეობის გარეშე და მხოლოდ მდგომარეობის უკიდურესი დამძიმების შემთხვევაში მიმართავენ სასწრაფო დახმარებას და/ან COVID კლინიკებს. არაიშვიათად ასეთი პაციენტები პირდაპირ რეანიმაციულ განყოფილებებში ხვდებიან და მათი გადარჩენა ყოველთვის ვერ ხერხდება.

ცერცვაძის აზრით, პაციენტები თვითმკურნალობას იმიტომ ირჩევენ, რომ მათაც უჩნდებათ ილუზია, რომ ისინიც იოლად გადაიტანენ COVID ინფექციას, როგორც დანარჩენი 70–80%.

“მათ ავიწყდებათ, რომ COVID-19 აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი დაავადებაა, ის შეიძლება მსუბუქადგადაიტანონ ხანდაზმულმა და თანხმლები დაავადების მქონე პირებმა, მაგრამ შეიძლება მძიმედ და ზოგჯერ ფატალურად განვითარდეს ახალგაზრდა ასაკშიც და იმ პირებშიც, ვისაც არ აქვს თანმხლები დაავადებები. გარდა ამისა COVID-19 ხშირად იწყება მსუბუქად, მაგრამ ახასიათებს სწრაფი დამძიმება (გასნაკუთრებით მე-6-12 დღეებზე).

ცალკე პრობლემაა თრომბოემბოლიური გართულებები, რომელიც შეიძლება განვითარდეს დაავადების ნებისმიერ ვადაზე. ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პაციენტმა დაავადების დამძიმების პირველივე ნიშნებისთანავე ან მძიმე თანხმლები დაავადებების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართოს სასწრაფოს/ოჯახის ექიმს/COVID კლინიკას”,– წერს ცერცვაძე Facebook–ზე.

მისი ინფორმაციით, დაავადების დამძიმების 9 ნიშანია:

  • გამოხატული სუნთქვის უკმარისობა;
  • ტკივილი გულმკერდის არეში, რომლის ინტენსივობაც არ იცვლება მოძრაობისას;
  • ტაქიკარდია>100;
  • მაღალი ტემპერატურა, რომელიც არ ექვემდებარება სიცხის დამწევ საშუალებებს;
  • გონების დაბინდვა, აგზნება, მოუსვენრობა;
  • მკვეთრად გამოხატული ზოგადი სისუსტე და დაღლილობა;
  • ადეკვატური რაოდენობით სითხის და საკვების მიღების შეუძლებლობა;
  • ხშირი დიარეა და/ან ღებინება;
  • ქვემო კიდურების ასიმეტრიული შეშუპება.

ცერცვაძის მტკიცებით, საქართველოში COVID-19-ის კლინიკურ სექტორს აქვს შესაძლებლობა, დროულად მიმართვის შემთხვევაში (განსაკუთრებით დაავადების დაწყებიდან 1-7 დღის მანძილზე) გადაარჩინონ პაციენტების აბსოლუტური უმრავლესობა და მინიმუმამდე დაიყვანოს გარდაცვალების შემთხვევები.