ესპანელები შვიდი კვირის მანძილზე პირველად სასეირნოდ გამოვიდნენ. დონალდ ტრამპი აშშ–ში 100 000 გარდაცვლილს პროგნოზირებს, ახალ ზელანდიაში ბოლო დღეღამეში კორონავირუსით არცერთი ახალი დაინფიცრებული არ გამოვლენილა. ნახეთ ბოლო 24 საათის უახლესი ამბები მსოფლიოში Covid19-ის შესახებ.
საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი ბოლო 24 საათის განმავლობაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ყველაზე დაბალი დაინფიცირების მაჩვენებლის შესახებ იუწყებიან.
სერბეთში საგანგებო სიტუაციის რეჟიმი გაუქმდა. იხსნება სავაჭრო ცენტრები, კაფეები და რესტორნები, თუმცა სოციალური დისტანცირების წესები ძალაში რჩება.
ქვეყანაში შემოღებული კომენდანტის საათი ხუთშაბათს მთლიანად გაუქმდება. უახლოეს დღეებში ასევე აღდგება ავტობუსების და სარკინიგზო მიმოსვლა ქვეყნის შიგნით. მაისის ბოლოს კი ხელისუფლება აპირებს ზოგიერთი კომერციული რეისი დაუშვას.
სერბეთში კორონავირუსით დაინფიცირებულია 9000 ადამიანი. გარდაიცვალა 193.
აშშს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ქვეყანაში შესაძლოა 100 ათასს მიაღწიოს. ამასთან ის კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას იმის შესახებ, რომ მისი ადმინისტრაციის რეაგირება სიტუაციაზე არასაკმარისად სწრაფი იყო.
აშშ მსოფლიოში დაავადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით ლიდერობს – 1.2 მილიონი დაინფიცირებული და 68 000–ზე მეტი გარდაცვლილი – ასეთია ბოლო მონაცემები.
ორსაათიანი ონლაინ გამოსვლისას ტრამპმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ვაქცინა უკვე ამ წლის ბოლომდე გამოჩნდება, თუმცა სამედიცინო საზოგადოება კვლავ ამტკიცებს, რომ ამისათვის მინიმუმ ერთი წელი იქნება საჭირო.
რუსეთში ერთ დღეღამეში 10581 ახალი დაინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, ეს ოდნავ ნაკლებია, ვიდრე წინა დღეს, როცა ქვეყანამ ახალ ინფიცირებულთა რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა.
ყველაზე რთული სიტუაცია მოსკოვშია. რუსეთის დედაქალაქის საავადმყოფოებში ყოველდღიურად საშუალოდ 1700 პაციენტი შეყავთ. მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი ამბობს, რომ დაავადების პიკი ჯერ კიდევ წინ არის.
ახალ ზელანდიაში კი ბოლო 24 საათში პირველად პანდემიის პერიოდში ახალი დაინფიცირების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.
ევროპა
იტალიაში ორშაბათიდან მოქალაქეებს შეუძლიათ საკუთარი რეგიონების ფარგლებში მცხოვრები ნათესავები მოინახულონ. იტალიის სხვადასხვა ნაწილებს შორის მიმოსვლა კვლავ შეზღუდულია. იტალიელებს ასევე უფლება მისცეს ქუჩაში სავარჯიშოდ გამოვიდნენ, იმ პირობით, რომ სოციალური დისტანცირების წესს დაიცავენ.
სკოლები, კინოთეატრები, მაღაზიების დიდი ნაწილი კვლავ დახურულია. ბარები და რესტორნები მხოლოდ ივნისში გაიხსნება.
ამ შაბათ–კვირას ესპანეთის მოსახლეობამ ბოლო 7 კვირის მანძილზე პირველად შეძლო ქუჩაში სავარჯიშოდ გამოსვლა. ადრე სახლების დატოვება მხოლოდ მაღაზიაში წასასვლელად და ძაღლის გასეირნების მიზნით იყო შესაძლებელი. თუმცა ესპანეთში 3 მილიონი ადამიანი სამსახურებში ჯერ კიდევ ორი კვირის წინ გაუშვეს. მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ნიღბების ტარება ტრანსპორტში სავალდებულოა.
საფრანგეთში 11 მაისიდან დაიწყება კარანტინის რეჟიმის შემსუბუქება. ბავშვები სკოლებს დაუბრუნდებიან, თუმცა ეტაპობრივად.
დღეიდან ლოქდაუნიდან ეტაპობრივად გამოსვლა დაიწყო პორტუგალიამაც. იხსნება ტანსაცმლის ზოგიერთი მაღაზია და ქალაქის პარკები. ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში 6 კვირა ცხოვრობდა.
დანარჩენი მსოფლიო
ჰონკონგში დღეიდან სამსახურებს დაუბრუნდნენ სახელმწიფო მოხელეები. იხსნება ბიბლიოთეკები, მუზეუმები და კაფეები, რომლებსაც ქუჩიდან ვაჭრობა შეუძლიათ.
შეზღუდვების მნიშვნელოვანი შემსუბუქება დაიწყო ტაილანდში და ნიგერიის ორ ყველაზე დიდ ქალაქში – დედაქალაქ აბუჯაში და ლაგოსში. ნიგერიის ხელისუფლების განცხადებით კარანტინიდან გამოსვლის პირველი ფაზა ექვს კვირაზეა გათვლილი, რის შემდეგაც თუ სიტუაცია არ გაუარესდა, კარანტინის ზომების მოხსნა მთელ ქვეყანაზე გავრცელდება.
ინდოეთში კარანტინიდან გამოსვლის მესამე ფაზა დაიწყო, რომლის ფარგლებში სამსახურში ბრუნდებიან დამლაგებლები, მზარეულები და სანტექნიკოსები. იხსნება კერძო კომპანიების ოფისები, თუმცა ერთდროულად შენობაში მხოლოდ პერსონალის 33%–ს აქვს ყოფნის უფლება. პატარა მაღაზიები, რომლებსაც შესასვლელი ქუჩიდან აქვთ, მუშაობას იწყებენ.
იორდანიაში მუშაობა დაიწყო აბსოლუტურად ყველა ბიზნესმა და წარმოებამ.
ეგვიპტის ხელისუფლებამ შიდა ტურიზმისთვის სასტუმროების გახსნის ნებართვა გასცა, თუმცა იმ პირობით, რომ მათი დატვირთვა 25%–ზე მეტი არ იქნება.
იაპონიის ხელისუფლებამ მთავრობის სხდომაზე ორშაბათს გადაწყვიტა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მაისის ბოლომდე გააგრძელოს. ქვეყანა ჯერჯერობით ტესტირების დამაკმაყოფილებელ დონეზე არ გასულა. მსხვილი ქალაქების საავადმყოფოები ჩივიან, რომ ვერ ერევიან პაციენტების რაოდენობას. თუმცა, იაპონიის საგანგებო მდგომარეობა მკაცრი არ არის და ის ძირითადად ხალხმრავალი შეკრებების აკრძალვას გულისხმობს.