ფეისბუქში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს პოლიტის ინსტიტუტის დირექტორის, პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დაუმძიმდა და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. კორნელი კაკაჩია დედასთან ერთად შაბათიდან რუხის კოვიდ ცენტრში იმყოფება. მას მარჯვენა ფილტვის ანთება აქვს.
ოჯახი და ახლობლები ხელისუფლებისგან ითხოვენ, ის და მისი დედა სასწრაფოდ თბილისის ბოჭორიშვილის კლინიკაში გადაიყვანონ. საკუთარი მძიმე მდგომარეობის შესახებ კორნელი კაკაჩიამ ფეისბუქზე დაწერა, შემდეგ კი “რეზონანსს“ მისცა ინტერვიუ:
„ძალიან მძიმედაა სიტუაცია, ვირუსი ვერ შეჩერდა, ვერ ვდგები, ჟანგბადის გარეშე ვერ ვსუნთქავ, ხელოვნური სუნთქვის აპარატი მჭირდება, შესაძლოა ყველაფერი ფატალურად დამთავრდეს. ჩემი სიცოცხლე რეალურად გადასხმებზეა დამოკიდებული, აქ ელემენტარული რაღაცეები არაა, თან ექიმები ნახევარი ცუდად გახდა, დედაჩემი უკეთ გახდა, ცოტა ხანში გაწერენ, რაც შეეხება ჩემს სიტუაციას თუ ხვალამდე არ გადამიყვანენ, შესაძლოა ბოლო ინტერვიუ იყოს,” – ამბობს კორნელი კაკაჩია. მისი ახლობლები კი ფეისბუქით ცდილობენ ხმის მიწვდენას მათთვის, ვისაც კორნელის თბილისში გადმოყვანაში დახმარება შეუძლია.
“ბატონ კორნელი კაკაჩიას სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც არის მოთავსებული, უტარდება ყველა შესაბამისი ღონისძიება იმისათვის, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ამ ეტაპზე რეანიმატოლოგები, რეანიმაციის განყოფილების ხელმძღვანელი არ თვლის საჭიროდ, რომ ის იქნას გადაყვანილი სხვა კლინიკაში. თუ მდგომარეობა შეიცვლება, ექიმები შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ”, – განაცხადეს უწყების პრესსამსახურში.