ახალი კორნავირუსი არავის ინდობს –არც ავტობუსის მძღოლს და არც პრემიერ მინისტრებს. თუმცა COVID-19-ის პანდემიას სრულიად განსხვავებული შედეგები აქვს ქალებისთვის და კაცებისთვის. თითქოს ვირუსისთვის სულერთი უნდა იყოს, ვის დააინფიცირებს, თუმცა ფაქტია, რომ სქესს მნიშვნელობა აქვს.
განსხვავება აშკარაა არა მხოლოდ დაავადების მიმდინარეობისას, არამედ მის გრძელვადიან შედეგებშიც.
ერთ ერთი ყველაზე გასაოცარი განსხვავება სიკვდილიანობის დონეა. მაგალითად, აშშ–ში კორონავირუსით ორჯერ მეტი მამაკაცი იღუპება, ვიდრე ქალი.
დასავლეთ ევროპაში კორონავირუსით გარდაცვლილთა 69% მამაკაცია. იგივე შეიმჩნევა ჩინეთში და მთელ მსოფლიოში.
ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერები გენდერულ სტატისტიკას აწარმოებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, რათა გაარკვიონ კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის ასეთი გენდერული სხვაობის მიზეზი, რომელიც.ჯერჯერობით გაურკვეველია. არსებობს მხოლოდ ვარაუდები.
ერთ–ერთი თეორიის მიხედვით ვირუსზე ქალის იმუნური სისტემის რეაქცია უფრო ძლიერია. ოქსფორდის უნივერსიტეტის იმუნოლოგიის პროფესორი, ფილიპ გულდერი ამბობს, რომ საერთოდ ვაქცინებზე და ინფექციებზე ქალების რეაქცია უფრო აგრესიული და უფრო ეფექტურია, ვიდრე მამაკაცების.
ამის მიზეზი ის არის, რომ ქალებს ორი X ქრომოსომა აქვთ, კაცებს კი ერთი, რაც შეიძლება მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს კორონავირუსთან შეჯახებისას.
“კერძოდ ცილა, რომლითაც კორონავირუსები იცნობა, X ქრომოსომაშია დაკოდირებული. შედეგად ეს ცილა ქალის ბევრ იმუნურ უჯრედებში ორმაგი დოზით არის გამოხატული, ვიდრე კაცებში. შესაბამისად ქალის ორგანიზმის რეაქცია კორონავირუსზე ძლიერდება“ – ამბობს მეცნიერი.
კიდევ ერთი ახსნა ქალის და კაცის განსხვავებული ცხოვრების წესია. მაგალითად, მწეველობის მაჩვენებელი, რაც თანმდევი დაავადებების არსებობას განაპიროებს – გულის, ფილტვების ქრონიკული დაავადებები და ონკოლოგია –ეს ყველაფერი კორონავირუსის ინფექციის განვითარებაზე და შედეგზე აისახება. კაცებს შორის კი მწეველთა რიცხვი მეტია. შესაბამისად, დაინფიცირებულ მამაკაცებში ბევრად მეტია თანმდევი დაავადების მქონე, რაც საბოლოოდ მათ სიკვდილიანობაზე აისახება.
გულდერი ამბობს, რომ განსხვავება განსაკუთრებით შესამჩნევია ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად ჩინეთში, სადაც მამაკაცების 50 % ეწევა, ქალებში კი მწეველთა წილი 5%–ს შეადგენს.