საფრანგეთში საიზოლაციო ზომების შემცირების შემდეგ ორ ათეულზე მეტი დაინფიცირების ახალი კერა გაჩნდა. მათ შორის სამი ბრეტანში მდებარე ხორცკომბინატებშია. ყოველ საწარმოში ვირუსის მატარებელი აღმოჩნდა რამდენიმე ათეული თანამშრომელი.
გუშინ კორონავირუსის მსხვერპლთა ახალი მონაცემები გამოცხადდა – სულ საფრანგეთში ეპიდემიის შედეგად 28 ათასი ადამიანი დაიღუპა, ბოლო დღეღამეში 483. გარდაცვლილთა მესამედი ხანდაზმულთა სახლების ბინადარია.
ეპიდემიოლოგიური სიტუაციას ხელი არ შეუშლია საფრანგეთის პრეზიდენტისთვის მონაწილეობა მიეღო გენერალ დეგოლის ხსოვნისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიალში.
ესპანეთში სტაბილურად მცირდება გარდაცვლილთა რაოდენობა, რაც ექსპერტების აზრით მედიკოსების დიდი ძალისხმევის შედეგია. მათ მუდმივად უხდიან საჯარო მადლობებს.
როგორც გასულ კვირას ქვეყნის პრემიერმა პედრო სანჩესმა განაცხადა, ის აპირებს ბოლოჯერ სთხოვოს პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება, რომელიც ქვეყანაში უკვე რამდენიმე კვირაა მოქმედებს, რასაც ესპანელების პროტესტი მოჰყვა.
ესპანეთში შემოღებული საკარანტინო ზომები ევროპაში ერთ–ერთი ყველაზე მკაცრი იყო. იზოლაციის პერიოდში აკრძალული იყო არა მხოლოდ ჰაერზე ვარჯიში, არამედ სეირნობა. ქუჩაში გამოსვლა მხოლოდ პროდუქტების ყიდვის, ექიმთან ვიზიტის ან ძაღლის გასეირნების მიზნით იყო დაშვებული.
იტალიაში ამუშავდა მაღაზიები, რესტორნები და საპარიკმახეროები. ხელისუფლება საიზოლაციო ზომების შემსუბუქებას “გათვლილ რისკს“ უწოდებს.
ბელგიელმა ექიმებმა კი ბრიუსელის უმსხვილეს საავადმყოფოში სტუმრად მისულ პრემიერმინისტრს ზურგი აქციეს. საავადმყოფოს ეზოში მყოფი ექიმები ზურგით შებრუნდნენ ზუსტად მაშინ, როცა აქ პრემიერის ლიმუზინი შევიდა. ამით მათ საკუთარი დამოკიდებულება გამოხატეს ეპიდემიის დროს ხელისუფლების ქმედებების მიმართ.