საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი, ქეთი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ რაიმონ პუანკარეს საავადმყოფოში კორონავირუსით გარდაიცვალა 50 წლის ქალი. გარდაცვალების მიზეზი ორგანიზმში ანტისხეულების არარსებობა გახდა. როგორც ლობჟანიძე წერს, აღმოჩნდა, რომ ქალს ვაქცინაციის სერთიფიკატი ჰქონდა, რომელიც ყალბი აღმოჩნდა.
“დაუჯერებელი კლინიკური შემთხვევა ამ შუა ევროპაში პროგრესის ეპოქაში! პარასკევს რაიმონ პუანკარეს საავადმყოფოში კოვიდით დაიღუპა 50-ოდე წლის ქალი, რომელსაც არ აწუხებდა ქრონიკული პათოლოგია და აპრიორი სრულად ვაქცინირებული იყო. რეანიმაცია საგონებელში ჩავარდა და სიკვდილის მიზეზის ძებნა დაიწყო.
ანტისხეულები საერთოდ არ აღმოაჩნდა და ფაქტის წინაშე როცა დააყენეს ქმარი, აღიარა, რომ ვაქცინაციის სერტიფიკატი ყალბი იყო და ცოლმა აუკრძალა ამის გამხელა იურიდიული პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით! ქალმა საკუთარ სიკვდილში 200€ გადაიხადა! დამძიმებისას მაინც რომ გაემხილა სიმართლე, მანეიტრალიზებელ ანტისხეულებს გადაუსხამდნენ და გადარჩებოდა!
სრულად ვაქცინირებულ ქმარს კონფლიქტი ქონდა ცოლთან აუცრელობის გამო, კინაღამ გაყრამდე მივედითო. არაბი ქალი არ იცრებოდა, ვაქცინა ღორისგან ყოფილა დამზადებული, წავიკითხეო. სამსახურში ტესტით დადიოდა, ვიღაც ჩლუნგ მავნეს “შეეცოდა” და დააკავშირა თაღლითთან, რომელმაც ყალბი სერტიფიკატი გადასცა!დღეს ეს ქმარი თავს იკლავს, ექიმებს რომ დაუმალა სიმართლე, მე დავღუპეო, გაიძახის და იმ თაღლითს უჩივის ყალბი სერტიფიკატისთვის!
განვითარებულ მედიცინას და მეცნიერებას არ ენდობიან, მავნე იდიოტების გავლენის ქვეშ საკუთარი სურვილით ირჩევენ სიკვდილს!” – წერს ლობჟანიძე.