ბრიტანეთის იმუნიზაციის საქმეთა მინისტრმა, ნადიმ ზაჰავიმ განაცხადა, რომ მომავალში ვაქცინა შესაძლოა აბების სახით გამოჩნდეს. მისი თქმით, ასეთი ტექნოლოგიები უკვე შემუშავების პროცესშია და ბრიტანეთს აქვს შესაძლებლობა ვაქცინების ფართო სპექტრის წარმოების შესახებ, რომლებიც ნებისმიერ შტამს შეებრძოლება.
ამასთან, მან დაადასტურა, რომ ამჟამად ბრიტანეთი პრობლემებს წააწყდა AstraZeneca–ს ვაქცინის მიწოდებასთან დაკავშირებით, რაც ვაქცინაციის კამპანიის მსვლელობას აფერხებს.
ასეთივე პრობლემა არსებობს რიგ სხვა ევროპულ ქვეყნებში, და ექსპერტების აზრით ვაქცინა აბების სახით მათ გადაჭრას შეუწყობს ხელს, რადგან აბების ტრანსპორტირება და შენახვა უფრო ადვილია.
ბიბისი–ს ინფორმაციით ბრიტანულმა გიგანტმა ბიოტექნოლოგიების სფეროში , კომპანია IoBio–მ განაცხადა, რომ ადრე დაწყებული პრეპარატების აბების ფორმით გამოცდამ ცხოველებზე დადებითი შედეგები აჩვენა. ამჟამად IoBio და ამერიკული კომპანია ImmunityBio მზად არიან კლინიკური კვლევები ბრიტანეთის ტერიტორიაზე დაიწყონ, როგორც კი ბრიტანეთის რეგულატორი მწვანე შუქს აუნთებს. აშშ–ში აბების ფორმით დამზადებული ვაქცინის ცდები ჯერ კიდევ იანვარში დაიწყო.
“კაფსულების შემთხვევაში აღარ იქნება საჭირო ვაქცინაციის პროცესში მედიკოსების ჩართვა, მათი გაგზავნა Amazon Prime–ითაც კი იქნება შესაძლებელი, შემდეგ კი ერთ დღეში პრაქტიკულად მთელი მოსახლეობის აცრა“– ამბობს IoBio–ს გენერალური დირექტორი უეინ ქენონი.
ბევრი ექსპერტი ამბობს, რომ ვაქცინის ორი დოზის გაკეთება ინექციის სახით, რომლის გაკეთება მხოლოდ მედიკოსებს შეუძლიათ, თანაც რამდენიმე კვირიანი შუალედით, ვაქცინაციის ყველაზე გრძელი და რთული გზაა, რაც კი შეიძლება არსებობდეს. აბების გარდა განიხილება პრეპარატის ცხვირში ჩასაწვეთებელი წვეთების და პლასტირების ფორმითაც გამოშვებაც.