ოქსფორდის უნივერსიტეტში შემუშავებული კორონავირუსის საწინააღმდეგო პოტენციური ვაქცინის გამოცდა ადამიანებზე ხუთშაბათს დაიწყება. ამის შესახებ ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, მეტ ჰენკოკმა განაცხადა.
ოქსფორდის მეცნიერთა ჯგუფის ერთ–ერთი წევრის თქმით, თუ ცდები წარმატებით ჩაივლის, შემოდგომისთვის ვაქცინის მილიონობით დოზა იქნება ხელმისაწვდომი, რაც ნიშნავს რომ მსოფლიო შეძლებს თანდათანობით კარანტინიდან გამოსვლს ეპიდემიის შემდეგ, რომელმაც 175 000 სიცოცხლე შეიწირა და გამანადგურებელი ეკონომიკური შედეგები მოიტანა.
დაუნინგ სთრითზე ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე ჰენკოკმა თქვა, რომ მთავრობა ყველა ძალას იყენებს ვაქცინის შესაქმნელად და ოქსფორდის მეცნიერთა გუნდი 20 მილიონი გირვანქა სტერლინგით დააფინანსა, რათა კლინიკურ ცდებში დახმარებოდა. კიდევ 22.5 მილიონი მისცა ლონდონის იმპერიალ კოლეჯის მკლევარებს.
მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინის შესამუშავებლად 18 თვე ან მეტია საჭირო, ოქსფორდის მკვლევარები პროფესორ სარა გილბერტის მეთაურობით ვარაუდობენ, რომ ფართომაშტაბიანი წარმოება შეიძლება უკვე სექტემბერში დაიწყოს – დაახლოებით ცხრა თვის შემდეგ იქიდან, როცა ჩინეთის ქალაქ უხანში პირველად აღმოაჩინეს ახალი კორონავირუსი.
ჰენკოკი ამბოს, რომ ბრიტანეთის მთავრობა ახლა საწარმოო სიმძლავრეებს დააფინანსებს, და თუ ოქსფორდული ან იმპერიალ კოლეჯის ვაქცინა გაამართლებს, ის ბრიტანეთის მოსახლეობისთვის რაც შეიძლება სწრაფად იქნება ხელმისაწვდომი.