ესპანელმა ვირუსოლოგებმა ახალი კორონავირუსის კვალი ბარსელონას ნარჩენი წყლების ნიმუშებში აღმოაჩინეს, რომლებიც 2019 წლის მარტში აიღეს, ანუ ცხრა თვით ადრე იქამდე, სანამ ჩინეთში Covid19-ით პირველი დაავადებული გამოვლინდა. ამის შესახებ პარასკევს ბარსელონას უნივერსიტეტში განაცხადეს.
ესპანეთში ვირუსის გენომის ასეთ ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა, თუ ის დადასტურდება, შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ დაავადება ბევრად უფრო ადრე გაჩნდა, ვიდრე მეცნიერებს აქამდე ეგონათ.
ბარსელონას უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა, რომელიც აპრილის შუა რიცხვებიდან კვლევებს ატარებდა ნარჩენ წყლებზე, რათა პოტენციური ახალი აფეთქებების რისკები გამოევლინა, გადაწყვიტა კვლევები უფრო ძველ ნიმუშებზეც ჩაეტარებინათ.
მათ თავდაპირველად აღმოაჩინეს, რომ ვირუსი ბარსელონაში 2020 წლის 15 იანვარსაც არსებობდა, ანუ 41 დღით ადრე იმ მომენტამდე, როცა ქვეყანაში დააავდების პირველი შემთხვევა დარეგისტრირდა.
ამის შემდეგ მკვლევარებმა იმ ნიმუშების კვლევა ჩაატარეს, რომლებიც 2018 წლის იანვრიდან 2019 წლის დეკემბრამდე პერიოდში აიღეს და გაირკვა, რომ ერთ–ერთ ნიმუშში, რომელიც 2019 წლის 12 მარტს იქნა აღებული, ვირუსის გენომი აღმოჩნდა.
“ SARS-CoV-2–ის დონე ნიმუშში დაბალი იყო, თუმცა დადებითი“ – ამბობს უნივერსიტეტის კვლევის ხელმძღვანელი, ალბერტ ბოში.
კვლევა ექსპერტული შეფასებისთვის გაიგზავნა.
დოქტორი ჯოან რამონ ვილიალბი ესპანეთის საზოგოადოებრივი ჯანდაცვისა და სანიტარული მმართველობის საზოგადოებიდან როიტერს ეუბნება, რომ საბოლოო დასკვნების გაკეთება ჯერ ადრეა:
“ჯერჯერობით ეს მხოლოდ ერთი შედეგია, საჭიროა მეტი მონაცემები, მეტი კვლევა, მეტი ნიმუშები, რათა ის დამტკიცდეს და გამოირიცხოს ლაბორატორიული შეცდომა ან მეთოდოლოგიური პრობლემა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ უკვე არსებული მონაცემები მინიმუმ საინტერესოა და დაფიქრების საფუძველს იძლევა“– ამბობს ის.
ესპანეთის ვირუსოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ბოსხი ამბობს, რომ ვირუსის ადრეული გამოვლინება, თუნდაც ამ წლის იანვარში პანდემიაზე უკეთესი რეაქციის საშუალებას მოგვცემდა. ამის ნაცვლად პაციენტებს სავარაუდოდ არასწორ დიაგნოზს უსვამდნენ და თვლიდნენ, რომ მათ გრიპი ქონდათ, რაც ხელს უწყობდა ვირუსის ფართოდ გავრცელებას, სანამ ზომების მიღება მოხერხდა.
პროფესორი გერტიან მედემა ჰოლანდიის წყლის კვლევის ინსტიტუტიდან, რომლის გუნდმა თებერვალში კორონავირუსის ტესტების გამოყენება ნარჩენ წყლებში დაიწყო, ბარსელონელი მეცნიერების ჯგუფს ტესტების განმეორებით ჩატარებას სთავაზობს, რათა დამტკიცდეს, რომ ეს მართლაც SARS-CoV-2 ვირუსია.