ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მსოფლიო კატასტროფული მორალური მარცხის წინაშეა Covid19-ის ვაქცინის გავრცელების საკითხში და მოუწოდებს მწარმოებლებს და ქვეყნებს, უფრო სამართლიანად გაანაწილონ ვაქცინის დოზები მთელ მსოფლიოში.
ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ორშაბათს განაცხადა, რომ სამართლიანი განაწილების პერსპექტივები სერიოზული რისკის ქვეშ არის, ისევე როგორც COVAX პლატფორმაზე ვაქცინის ერთობლივი გამოყენების მისეული სქემა, რომლის მიხედვით ვაქცინის განაწილება მომავალ თვეში უნდა დაწყებულიყო.
ჯანმოს ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ გასულ წელს ხელი მოეწერა 44 ორმხრივ შეთანხმებას, წელს კი უკვე ხელმოწერილია მინიმუმ 12.
“ამან შესაძლოა შეაფერხოს COVAX–ზე მიწოდებები და შექმნას ზუსტად ის სცენარი, რომლის თავიდან ასაცილებლად შეიქმნა COVAX პლატფორმა – ქაოსური ბაზრის, არაკოორდინირებული რეაგირების, განგრძობადი სოციალური და ეკონომიკური რყევების ვითარება.“– თქვა მან.
“ჯერ მე“– ს მიდგომა ჯანმოს ხელმძღვანელის თქმით, რისკს უქმნის მსოფლიო მოსახლეობის უღარიბეს და ყველაზე მოწყვლად ფენებს. ამის შესახებ მან ორგანიზაციის აღმასრულებელი საჭოს ყოველწლიური სხდომის გახსნაზე, ვირტუალურ ფორმატში განაცხადა.
მისი თქმით, ასეთი ქმედებები მხოლოდ პანდემიის გახანგრძლივებას გამოიწვევს. ის მოუწოდებს მსოფლიოს ქვეყნებს არ გაიმეორენ H1N1 და HIV პანდემიების დროს დაშვებული შეცდომები.
ჯანმოს ხელმძღვანელის თქმით, 39 მილიონზე მეტი ვაქცინა გაკეთდა 49 ქვეყანაში, რომლებსაც უფრო მაღალი შემოსავალი აქვთ მაშინ, როცა ერთ ღარიბ ქვეყანაში სულ 25 დოზაა გაკეთებული.
დამკვირვებლები ამბობენ, რომ ეს სხდომა ჯანმოს 70 წლიანი არსებობის მანძილზე ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანია და შეიძლება გლობალური ჯანდაცვის საქმეში ამ ორგანიზაციის როლი განსაზღვროს სამომავლო პერსპექტივაში.
დღის წესრიგში დგას ორგანიზაციის და მისი ფინანსური სისტემის რეფორმა, რომელიც არაადეკვატურად იქნა აღიარებული მას შემდეგ, რაც მისმა უმსხვილესმა დონორმა, აშშ–მ ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ განაცხადა.