დააკავეს 21 წლის ბიჭი, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი გოგო გაიტაცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა არასრულწლოვანი გოგონასთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით მარნეულში 1 პირი დააკავეს.1998 წელს დაბადებულმა გ. მ.–მ17 წლის გოგო მარნეულის ცენტრიდან, სასწავლებლიდან გამოსვლის შემდეგ  სამ თანამზრახველთან ერთად გუშინ მოიტაცა. გოგოს თავზე ტომარა ჩამოაცვეს და მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს. გამოძიების ინფორმაციით გატაცება ქორწინების მიზნით მოხდა. გოგოს ოჯახის წევრებმა გუშინ მთელი დღე პოლიციასთან გაატარეს და გატაცებული გოგოს სასწრაფოდ მოძებნას ითხოვდნენ.

სამართალდამცველებმა გ.მ. ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტში დააკავეს, გოგონა კი საკუთარ სახლში დააბრუნეს.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.