იმერეთის პოლიციამ 2018 წელს მომხდარი გახმაურებული მკვლელობა გახსნა, დაკავებულია 1 პირი – ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
“განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1 პირი – 1979 წელს დაბადებული, წარსულში გამოძალვისთვის ნასამართლევი ა.ტ.
2018 წლის მაისში, ვანის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონის სანაპიროზე, ლითონის კასრში ნაპოვნი იქნა მამაკაცის დამწვარი ცხედარი. ბიოლოგიური ექსპერტიზის მეშვეობით შესაძლებელი გახდა გარდაცვლილი პირის ვინაობის დადგენა – იგი 1977 წელს დაბადებული ნ.ქ. აღმოჩნდა.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ა.ტ.-მ 2018 წლის მაისში, ხაშურის მუნიციპალიტეტში, ფინანსური დავის გამო, კუთვნილი არარეგისტრირებული სანადირო თოფიდან გასროლით თავისი ბიზნესპარტნიორი – ნ. ქ. მოკლა.
ბრალდებულმა ცხედარი, დანაშაულის დაფარვისა და კვალის წაშლის მიზნით, ლითონის კასრში მოათავსა და ცეცხლი წაუკიდა. ა.ტ.-მ ნაწილობრივ დამწვარი ცხედარი საკუთარი ავტომობილით ვანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ჩაიტანა და კასრიანად მდინარე რიონში გადააგდო,” – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.