ჟურნალისტი და მწერალი ეკა ტოგონიძე სოციალურ ქსელში მეუღლის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს. ტოგონიძე წერს, რომ საკუთარ დაბადების დღეზე მეუღლის გამოჯანმრთელებას ისურვებდა. მწერლის ქმარი, პოლიტიკოსი რატი სამყურაშვილი უკვე წლებია მძიმე დაავადებას ებრძვის.
“ეკა ტოგონიძე: – ჩემი შვილი თავის სიზმარს მიყვებოდა და მერე სიტყვამ მოიტანა ფანტაზიები:
მე: წარმოიდგინე, რომ რატის განკურნება სხვა პლანეტაზე შეიძლება, მარსზე თუ გადავსახლდებით, დაავადება გაუქმდება, გაქრება. თანახმა ხარ?
თუთა: რამდენი ხნით?
მე: როგორც კი დედამიწაზე დავბრუნდებით, დაავადება იმავე წერტილიდან გააგრძელებს, სადაც გაჩერდა.
თუთა: ანუ სამუდამოდ?
მე: ასე გამოდის.
თუთა: მზეს ვეღარასდროს ვნახავ? გამიკვირდა, რომ უცებ მზემ აჯობა ყველაფერს, გადაფარა მეგობრებიც, ინტერნეტიც და ჩვენი ძაღლიც:)
თუთა, რა თქმა უნდა, დათანხმდა. მერე მარსის და მზის მიმართებაც გავარკვიეთ და მოკლედ ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ:))
რეალობაში კი მე ისევ დედამიწაზე მყოფმა დავარტყი მზეს 38-ე წრე. დაავადება ისევ ჩვენთანაა და ზოგჯერ ტკივილთან ერთად დაუჯერებლად დიდი სიხარული და სიყვარული მოაქვს – მის გარეშე, სამწუხაროდ, შეუძლებელიც კი.
რაც უფრო მუქია ჩრდილი, მით უფრო კაშკაშაა სინათლე და ჩვენც ველოდებით დიდ გამონათებას, რომელიც კორონასთან ერთად სხვა ტკივილებსაც გაალღობს და დიდი შუქის მისაღებად უკვე დაგროვილი გამოცდილება სრულიად საკმარისი იქნება. აღარ დაგვჭირდება იმის შეხსენება, რა ძვირფასია სიცოცხლე და რა უმნიშვნელო – ყველაფერი სხვა.
ჩემს დაბადების დღეზე ვისურვებ და გისურვებთ ჯანმრთელობას. იმ სიფხიზლეს თუ ძალას, რომელიც ჩვენი საოცარი ცხოვრების სასწაულებს აღგვაქმევინებს. მადლობა 38-ს ამ უზარმაზარი გამოცდილებისთვის, რომელიც თავს დამატყდა, მაგრამ არ გაგვსრისა და რაღაცა გაძლიერებული პროგრამით დაგვასწავლა მთელი ცხოვრების სამყოფი მასალა:)
მისურვეთ რატი.
რატი=სიცოცხლის გამარჯვებას”-წერს ტოგონიძე.