რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი ფეისბუქის მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული ასობით გვერდის, ჯგუფის და ანგარიშების გაუქმებას ფეისბუქ სტატუსით აფასებს. ფეისბუქის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით სოციალურმა ქსელმა გამოძიების შედეგად საქართველოში შექმნილი 418 ქართული ანგარიში, აქედან 39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 Instagram-ანგარიში გაუქმდა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში.
“ კი ვიხალისეთ და ვიღლიცინეთ ტროლების ფაბრიკის გაუქმებაზე, მაგრამ ეს ყველაფერი საკმაოდ საგანგაშო ამბავია.
პრაქტიკულად დადასტურდა, რომ საქართველოს ხელისუფლება ფეისბუქის მეშვეობით აფინანსებს და მასობრივად ავრცელებს ანტიდასავლურ ჭორებს, ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ მოწოდებებს, ლანძღავს ოპოზიციას და აქებს და ადიდებს საკუთარ თავს.
და ეს კოკა ყანდიაშვილის, შალვა რამიშვილის თუ სარეკლამო სააგენტო “პანდას” თვითშემოქმედება კი არ არის, ანუ ამას კერძო პირები კი არ აკეთებენ მოხალისეობრივ საწყისებზე, არამედ თავად ხელისუფლება: ბიძინა ივანიშვილი, გიორგი გახარია, თეა წულუკიანი და თალაკვაძე-ოხანაშვილნი სხვანი და სხვანი.
ამით საქართველოს ხელისუფლება პრაქტიკულად ადასტურებს, რომ მისი პოლიტიკა დაფუძნებულია ორმაგ სტანდარტზე: ერთის მხრივ კონსტიტუციაში წერენ, რომ სახელმწიფოს კურსი არის პროდასავლური და ევროატლანტიკური ორიენტაციის, მეორეს მხრივ კი ორგანიზებას უწევენ ანტიდასავლურ, ანტილიბერალურ და პრორუსულ პროპაგანდას. ამგვარი პროპაგანდის მეშვეობით ებრძვიან ოპოზიციას და ამგვარი პროპაგანდით ცდილობენ მხარდამჭერთა მობილიზებას საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის.
გავიმეორებ: ეს ვინმეს კერძო მოსაზრება კი არ არის, არამედ ფეისბუქის ადმინისტრაციის მიერ დადასტურებული ფაქტი, რომელიც იცის უკვე მთელმა მსოფლიომ.
ჰოდა, ამ ხელისუფლების ამბავი ჩემთვის კი გარკვეულია, მაგრამ მაქვს ერთი პატარა კითხვა ყველასთან, ვინც ამ ხელისუფლების მომხრე და გულშემატკივარია და თან საკუთარ თავს მიიჩნევს პროდასავლელად და პროევროპელად: ეს ყველაფერი უფრო დიდი საფრთხეა ქვეყნისთვის, თუ ნუგზარ წიკლაურის ცოლი რომ კერძო სკოლის მასწავლებელია?
ოდნავადაც არ ვხუმრობ.
მართლა მაინტერესებს.“– წერს დავით ზურაბიშვილი