Daily Mail-მა დაუზუსტებელი ინფორმაცია გაავრცელა, ჩვენს ოპონენტებს იმედი უნდა გავუცრუო – სესიაშვილი

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის თქმით, სავარაუდოდ, Daily Mail-მა დაუზუსტებელი ინფორმაცია გაავრცელა.

მისი თქმით, ასეთი ინფორმაცია ქართულ სტრუქტურებს არ გაეპარებოდა, ისინი კი ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ, ამიტომ ოპონენტებს კიდევ ერთხელ “გაუცრუვდებათ იმედი”.

“თქვენ ყველამ კარგად იცით, რომ საქართველოს შესაბამის სტრუქტურებს ძალიან მჭიდრო, პარტნიორული ურთიერთობა აქვთ ჩვენს ბრიტანელ პარტნიორებთან და ბრიტანელები ძალიან აქტიურად გვეხმარებოდნენ, როცა რუსეთმა განახორციელა თავდასხმა საქართველოზე. არ გაეპარებოდა არც ერთი ინფორმაცია ჩვენს სტრუქტურებს, უნდა ვივარაუდოთ, რომ დეილი მეილმა დაუზუსტებელი ინფორმაცია გაავრცელა. ამ ინფორმაციას ჩვენი სტრუქტურები არ ადასტურებენ, მორიგ ჯერზე ჩვენს ოპონენტებს იმედები უნდა გავუცრუო, რომ საქართველო არ ფიგურირებს ამ ნეგატიურ მოვლენაში”, – განაცხადა სესიაშვილმა.

გამოცემა The Daily Mail-მა საგამოძიებო სტატია გამოაქვეყნა,სადაც წერია, რომ რუსმა ჰაკერებმა სამედიცინო ცდებში მონაწილე ასობით ბრიტანელის მონაცემები მოიპარეს ბრიტანეთის ლაბორატორიიდან, რომელიც Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაშია ჩართული.

მათი ინფორმაციით, კიბერ-თავდასხმის უკან რუსეთი და ირანი დგანან და მათ სამიზნეს ბრიტანეთის ლაბორატორიები და უნივერსიტეტები წარმოადგენს.

The Daily Mail-ის ინფორმაციით, ჰაკერები საქართველოს ტერიტორიიდან მოქმედებენ და კრემლთან და რუსეთის უშიშროების სამსახურებთან არიან დაკავშირებული.