რადიო თავისუფლების ჟურნალისტი, სალომე ასათიანი ფეისბუქის პირად გვერდზე სამთავრობო ცვლილებებს და გიორგი გახარიას პრემიერად დანიშვნის გადაწყვეტილებას აფასებს:
“გიორგი გახარია, როგორც პოლიტიკური ფიგურა, დღეს უკვე ძალიან დაზიანებულია. რამდენი ომახიანი განცხადებაც უნდა მოვისმინოთ, რომ ის „ყველაზე წარმატებული მინისტრია“, რამდენჯერაც უნდა გაგვიმეორონ, რომ მან „სახელმწიფო გადატრიალება არ დაუშვა“ – გულის სიღრმეში ყველამ, პოლიტიკური ფანატიზმით ალბათ მართლა დაბრმავებულების გარდა, ვიცით, რომ მან ძალიან ბევრ მნიშვნელოვან და კრიზისულ ვითარებას ვერ გაართვა თავი. კლუბში მისული ახალგაზრდების იარაღიანი სპეცრაზმით დატერორება, პანკისში მოსახლეობისთვის ჰესის გამო ცრემლმდენი გაზის და რეზინის ტყვიების დაშენა, ზვიად რატიანის საპოლიციო სისასტიკისთვის შეტოვება და შემდეგ გულგრილი განცხადება, რომ მომხდარს „არც ერთი წუთით არ ნანობს“, და 20 ივნისის ღამე – აწყვეტილი და ვნებით დამუხტული ძალადობა, მშვიდობიანი (!!) ახალგაზრდებისთვის დაშენილი „ოთხი სახის“ რეზინის ტყვიები, 240-მდე დაშავებული ადამიანი, ათობით ჟურნალისტის ჩათვლით. რაც უნდა გვითხრან, რა კადრებიც უნდა გვაჩვენონ, ვერაფერი, მათ შორის თუნდაც ერთი რომელიმე ჯგუფის მხრიდან არეულობის მოწყობის სურვილი, ვერ ხსნის და ვერ ამართლებს ათასობით უდანაშაულო და მშვიდობიან მოქალაქეზე ასე გადავლას – და ესეც ყველამ ვიცით. მართლა დარწმუნებული ვარ, რომ ყველამ.
ხელისუფლებას კი ისე აქვს საქმე, რომ ამ დაზიანებული, პოლარიზაციის და საზოგადოების თუნდაც ნაწილის თვალში ღრმა უნდობლობის გამომწვევი ფიგურის მეტი საერთოდ აღარავინ დარჩა თავის ორბიტაზე. „მამუკა ბახტაძე“ – სრული ფორმალობა და სიცარიელე – ალბათ კიდევ ბევრი მოიძებნებოდა, მაგრამ წინასაარჩევნოდ ასეთი ბამბისქულები აღარ აწყობთ. ისტორია გვიმეორდება – გაბანკროტებული, გეგმებისგან, ხედვისგან აბსოლუტურად დაცლილი ხელისუფლება, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნება სურს, გადარჩენის გზად, დასაყრდენად და „ხერხემლად“ საპოლიციო სისტემას ხედავს. იციან, რომ აღარც დაპირებები გაჭრის, აღარც „გვაპატიეთ ხალხს ვერ გავუგეთ“, აღარც „ვაჰ ახლა გავიგეთ, რომ თურმე ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბეში ცხოვრობს“. და აღარც ივანიშვილის უწინდელი იდუმალებით მოსილი მესიის იმიჯი. დარჩა მხოლოდ შიშველი ძალა, დაშინება, „მე თუ არა ნაცმოძრაობა მოვა“ პათოსი და მზარდი ავტორიტარიზმი.
წინ აშკარად ძალიან მძიმე წელი გველოდება.“– წერს სალომე ასათიანი.