დავით ქაცარავას 1000 ლარიანი გირაო შეეფარდა. ამის შესახებ ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს.
„დასრულდა სააპელაციო სასამართლოს სხდომა ტიტუშკების თავდასხმასთან დაკავშირებით.
მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა გააუქმა მოსამართლე ლევან დარბაიძის განჩინება აღკვეთი ღონისძიების არ გამოყენებასთან დაკავშირებით და შემიფარდა 1000 ლარიანი გირაო.
იმ საქმეში, რომელშიც მე ერთდროულად დაზარალებული და ბრალდებული ვარ, მოსამართლემ დაკვეთა შეასრულა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენ არ გვაქვს დამოუკიდებელი სასამართლო.
აბსურდის თეატრში სპექტაკლი გრძელდება. აქვე ვაცხადებ, მოსალოდნელია შემდგომი პროვოკაციები, რომლის დამკვეთი ხელისუფლება იქნება, ვის შეარჩევს შემსრულებლად, ამას ვნახავთ“ – წერს დავით ქაცარავა.
შეგახსენებთ, რომ ქაცარავას ბრალი 18 დეკემბერს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს, რაც ძალადობას გულისხმობს.
ფიზიკური დაპირისპირება 20 აგვისტოს სოფელ ხურვალეთში მოხდა. საქმის განხილვა გორის რაიონულ სასამართლოში 11 თებერვალს დაიწყება.