კაცობრიობის ისტორიაში პირველად დადგა მომენტი, როცა მსოფლიოში უფრო მეტი მოხუცია, ვიდრე პატარა ბავშვი. რას ნიშნავს ეს ჩვენთვის და ჩვენი პლანეტისთვის?
გაეროს მონაცემებით 2018 წლის ბოლოს იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებმაც 65 წლიან ზღვარს გადააბიჯეს იმ ადამიანების რიცხვზე მეტი აღმოჩნდა, ვისაც ჯერ 5 წელი არ შესრულებია.
დედამიწაზე ამჟამად 65 წლის ასაკს გადაცილებული დაახლოებით 705 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. 680 მილიონ ადამიანს კი ჯერ 5 წელი არ შესრულებია.
ამჟამინდელი ტენდენციები აჩვენებს, რომ 2050 წლისთვის ეს სხვაობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება – ყოველ ხუთ წლამდე ასაკის ბავშვზე ორზე მეტი 65 წელს გადაცილებული ადამიანი იქნება.
ეს ტენდენცია დემოგრაფებმა დიდი ხნის წინ აღმოაჩინეს და მუდმივად ადევნებენ თვალს: ქვეყნების უმრავლესობაში ადამიანები სულ უფრო დიდხანს ცოცხლობენ და სულ უფრო ნაკლებ შვილებს აჩენენ.
როგორ აისახება ეს ჩვენზე, ან როგორ აისახა უკვე?
ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჯანდაცვის ინსტიტუტის დირექტორის, კრისტოფერ მარეის განცხადებით ის, რომ 65 წელს გადაცილებული ადამიანების რიცხვი ბევრად მეტი იქნება, ვიდრე ბავშვების, ძალიან გაართულებს მსოფლიო საზოგადოების “ნორმალურ მდგომარეობაში შენარჩუნებას“.
მარეი ავტორია 2018 წლის კვლევისა, რომელშიც ის ვარაუდობს, რომ მსოფლიო ქვეყნების უმრავლესობას “შობადობის გაბანკროტება ემუქრება“. ქვეყნების უმრავლესობაში არასაკმარისი ბავშვი იბადება საიმისოდ, რომ ამა თუ იმ სახელმწიფოს მოსახლეობის რაოდენობა ამჟამინდელ ნიშნულზე შენარჩუნდეს.
“წარმოიდგინეთ ყველა ღრმა სოციალურ და ეკონომიკურ შედეგზე, რომლებიც საზოგადოებას დაემუქრება, სადაც უფრო მეტი ბებია და ბაბუა იქნება, ვიდრე შვილიშვილი“– ამბობს ის.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით 1960 წელს შობადობის კოეფიციენტი მსოფლიოში დაახლოებით ერთ ქალზე ხუთი ბავშვი იყო.
თითქმის 60 წლის შემდეგ ის ორჯერ შემცირდა და 2.4 შეადგინა.
ამავე დროს სოციალურ–ეკონომიკური და სამედიცინო–ტექნოლოგიური განვითარება თანამედროვე ეპოქაში დაბადებულთათვის სიცოცხლის გახანგრძლივების გზა აღმოჩნდა. თუ 1960 წელს ადამიანების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 52 წელი იყო, 2017 წელს საშუალო ხანგრძლივობამ 72 წელი შეადგინა.
ეს იმას ნიშნავს, რომ ხანდაზმულობის ასაკში სულ უფრო მეტი რესურსები გვჭირდება. საპენსიო სისტემაზე და ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლა იზრდება.
მოსახლეობის დაბერების პრობლემა მწვავედ დგას განვითარებულ ქვეყნებში. იქ, როგორც წესი შობადობა დაბალია. ამის მიზეზი ძირითადად ეკონომიკაა: ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაბალია, შობადშობაზე კონტროლის საშუალებები ხელმისაწვდომი, ბავშვის გაჩენა და გაზრდა კი საკმაოდ ძვირი.
ასეთ ქვეყნებში ქალები ხშირად გვიან ასაკში აჩენენ შვილებს და ამიტომაც ნაკლები შვილები ყავთ.
ცხოვრების უფრო მაღალი სტანდარტები კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანები უფრო დიდხანს ცოცხლობენ. საუკეთესო მაგალითი იაპონიაა, სადაც სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 84 წელია, მოსახლეობის 27 % კი 65 წელს გადაცილებულია, რაც ასევე მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 5 წელზე მცირე ასაკის მოსახლეობა კი გაეროს მონაცემებით 3.83%–ს შეადგენს.
ეს ციფრები იაპონიის ხელისუფლებას დიდი ხანია აწუხებს. გასულ წელს ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ აპირებს საპენსიო ასაკი 65–დან 70 წლამდე გაზარდოს. ასეთი მაღალი საპენსიო ასაკი მსოფლიოში არსად არის.
დისბალანსი, რომელზეც უკვე მოგახსენეთ განვითარებად ქვეყნებსაც ემუქრება. ჩინეთში ხანდაზმული ადამიანების რიცხვი უფრო მცირეა, ვიდრე იაპონიაში (მოსახლეობის 10%), თუმცა შობადობის კონტროლის მკაცრი ზომების გამო, რომლებიც 1970 წელს შემოიღეს, მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკას შედარებით დაბალი შობადობის კოეფიციენტი აქვს – საშუალოდ 1.6 ბავშვი ერთ ქალზე. 5 წლამდე ბავშვების რაოდენობა კი ჩინეთში 6 პროცენტია.
ბავშვების რაოდენობა ცხოვრების ხარისხის წინააღმდეგ
ქვეყნებს შორის, სადაც შობადობა მაღალია აფრიკის ქვეყნები დომინირებენ. მაგალითად ნიგერია, მსოფლიოს “ყვველაზე ფერტილური ქვეყანაა“. 2017 წელს იქ საშუალოდ ერთ ქალზე 7.2 ბავშვი მოდიოდა. თუმცა იგივე ქვეყნებში მაღალია ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ნიგერიაში 1000 ახალდაბადებულიდან 85 იღუპება.
კვლავწარმოების კოეფიციენტი
დემოგრაფებისთვის 2.1 მაგიური ციფრია. ითვლება, რომ შობადობის ასეთი კოეფიციენტი საკმარისია იმისათვის, რომ მოსახლეობა არ შემცირდეს.
გაეროს ბოლო მონაცემებით ეს ბალანსი მხოლოდ მსოფლიოს 113 ქვეყანაში არსებობს.
მკვლევარები მიუთითებენ, რომ ქვეყნებში, სადაც ბავშვთა სიკვდილიანობა მაღალია და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა დაბალი, აუცილებლად ესაჭიროებათ 2.3 კოეფიციენტი, თუმცა ამ ზღვარს მხოლოდ მათი ნაწილი აღწევს.
ბევრ ქვეყანაში შობადობის შემცირების გამო მოსახლეობის რაოდენობა სავარაუდოდ მნიშვნელოვნად დაიკლებს, მიუხედავად იმისა, რომ პლანეტის მოსახლეობა ზოგადად იზრდება და ვარაუდობენ, რომ 2024 წლისთვის 8 მილიარდს მიაღწევს.
ერთ–ერთი ყველაზე ექსტრემალური მაგალითი რუსეთია: შობადობის კოეფიციენტი ამ ქვეყანაში 1.75ს შეადგენს და რამდენიმე ათწლეულში სავარაუდოდ მისი მოსახლეობა მკვეთრად შემცირდება.
გაეროს გათვლებით 2050 წელს რუსეთის მოსახლეობა ამჟამინდელი 143 მილიონის ნაცვლად 132 მილიონი იქნება.
გავლენა ეკონომიკაზე
შემცირებადი და ხანდაზმული მოსახლეობა პირველ რიგში შრომისუნარიანი მოსახლეობის შემცირებას ნიშნავს, რაც თავის მხრივ პროდუქტიულობის შემცირებას და ეკონომიკური ზრდის შენელებას იწვევს.
გასული წლის ნოემბერში სავალუტო ფონდმა დაწერა გაფრთხილება, რომ მოსახლეობის დაბერების გამო იაპონიის ეკონომიკა შემდგომი 40 წლის განმავლობაში შესაძლოა 25%–ით შემცირდეს.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მოსახლეობის დაბერების ინსტიტუტის დირექტორის, ჯორჯ ლისონის განცხადებით დემოგრაფიული სიტუაცია ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტზე მოქმედებს.
შეძლებს თუ არა ტექნოლოგიები პლანეტის მოსახლეობის დაბერებით გამოწვეული უარყოფით ეფექტს მოერიოს.
ოჯახი და პოლიტიკა
ერთ რამეზე სპეციალისტები თანხმდებიან: ხელისუფლებებმა უნდა იმოქმედონ, რომ “დაბერების პრობლემა“ მოაგვარონ.
ჩინეთმა 2015 წელს “ერთი შვილის პოლიტიკის“ გადახედვა დაიწყო და 2018 წელს მიანიშნა, რომ ერთ წელიწადში ყველა შეზღუდვა მოიხსნება. თუმცა სიტუაციას ამან შეიძლება ვერ უშველოს. 2018 წელს ჩინეთში სულ 15 მილიონი ბავშვი დაიბადა. ეს არის ბოლო 60 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი.
ჩინელი მეცნიერები შობადობის ასეთი შემცირების მიზეზად რეპროდუქციული ასაკის ქალების რაოდენობის შემცირებას თვლიან, გარდა ამისა, ახალგაზრდა ოჯახები ბავშვის გაჩენას ფინანსური მოსაზრებებით არ ჩქარობენ. განსაკუთრებით ის ოჯახები, სადაც განათლებამიღებულ ქალებს არ სურთ ტრადიციული როლით დაკმაყოფილდნენ.
ასაკი და ჯანმრთელობა
დემოგრაფები და ექსპერტები გვაფრთხილებენ: დაბერებული მოსახლეობის ეფექტის შესამსუბუქებლად სახელმწიფომ ხანდაზმული მოქალაქეების ჯანმრთელობაზე უნდა იზრუნოს.
ჯანმრთელ ადამიანებს შეუძლიათ მეტ ხანს იყვნენ შრომისუნარიანები, გარდა ამისა ეს სამედიცინო მომსახურების ხარჯებს ამცირებს.
თანაც, როგორც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სპეციალისტები ამბობენ, იმ ქვეყნების ეკონომიკებში, სადაც ქალები მამაკაცების თანასწორად შრომობენ, ვარდნები უფრო იშვიათია. სამუშაო ძალაში რაც მეტი წილი უკავიათ ქალებს, მით უფრო მდგრადია ეკონომიკა.