კორონავირუსის აფეთქების გამო ხალხი მთელ მსოფლიოში ფიქრობს იმაზე, როგორ დაიცვას თავი ინფექციისგან. ყველაზე ეფექტური გზა სხვა ადამიანებთან კონტაქტის მინიმუმამდე შემცირებაა. კიდევ უკეთესია საერთოდ არ გამოხვიდეთ სახლიდან. შედეგად, ბევრ ქვეყანაში მოსახლეობამ აქტიურად დაიწყო საჭირო აუცილებელი ნივთების და საკვების მომარაგება იმ შემთხვევისთვის, თუ სიტუაცია გაუარესდება.
რომელ საქონელზე გაჩნდა აჟიოტაჟური მოთხოვნილება და რისი დეფიციტი შეიძლება გაჩნდეს?
სამედიცინო ნიღბები:
მართალია ექიმები ამბობენ, რომ ნიღბები ამ ვირუსისგან თითქმის არ იცავს ადამიანს, მაგრამ მოთხოვნილება კატასტროფულად გაიზარდა. აფთიაქებში, მაღაზიებში და ინტერნეტ მაღაზიებშიც კი მისი შოვნა ძალიან რთულია.
მწარმოებლებმა პროდუქციის გამოშვება გააორმაგეს, თუმცა ეს ნაკლებად საინტერესო ნივთი იმდენად მოთხოვნადი გახდა, რომ რიგი ქვეყნების მთავრობები სამედიცინო მუშაკებისთვის სპეციალურ მარაგებს ქმნიან. პაციენტებთან მუშაობისას ხომ ისინი სხვა ყველა დანარჩენზე მეტად რისკავენ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ ეპიდემიასთან სარძოლველად მთელ მსოფლიოში ექთნებს და ექიმებს უდიდესი რაოდენობის ნიღბები – 8 მილიონი ცალი დაჭირდებათ. გარდა ამისა, 76 მილიონი ელასტიური ხელთათმანი და 1.6 მილიონი დამცავი სათვალე.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის თქმით ამ აუცილებელი ნივთების უქონლობამ შესაძლოა მედპერსონალისთვის დიდი საფრთხე შექმნას.
ზოგ ქვეყანაში ნიღბების ყიდვაზე და ქვეყნიდან გატანაზე შეზღუდვებიც დაწესდა. მაგალითად სამხრეთ კორეაში კვირაში ორ ცალზე მეტ ნიღაბს ერთი ადამიანი ვერ იყიდის.
ტაილანდში ნიღბების დეფიციტმა აფთიაქებში მღელვარება და რიგებში მასობრივი უკმაყოფილება გამოიწვია. ხელისუფლებამ კომისია შექმნა იმის გასარკვევად, მართლა გაიტანეს თუ არა ქვეყნიდან ექსპორტზე და შავ ბაზარზე მაღალ ფასში გასაყიდად დიდი რაოდენობით ნიღბები.
საფრანგეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ შესაძლოა ნიღბების წარმოებასა და განაწილებაზე სახელმწიფო კონტროლი დამყარდეს, რათა ისინი პირველ რიგში მედპერსონალისთვის და დაავადებულებისთვის იყოს ხელმისაწვდომი.
ხელის საბანი გელი
ხელის სადეზინფექციო გელის ფასები ნიღბების მსგავსად ბევრ ქვეყანაში ორ–სამჯერ გაიზარდა.
საფრანგეთში მომხმარებელთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ გამოძიებაც კი დაიწყო, ფინანსთა მინისტრმა კი ტვიტერზე დაწერა, რომ მზად არის ფასები საკუთარი ბრძანებით დაარეგულიროს, თუ სიტუაციის ბოროტად გამოყენება გაგრძელდება.
თებერვლიდან მოყოლებული ფასები და მოთხოვნა გაიზარდა ხელის საბან სხვადასხვა საშუალებებზე და სველ ხელსახოცებზე.
ტუალეტის ქაღალდი:
იქიდან გამომდინარე, რომ შინაიზოლაცია, სახლიდან მუშაობა და დაუგეგმავი არდადეგები ჩვეულ მოვლენად იქცა, ადამიანები არამალფუჭებადი პირველადი საჭიროების ნივთების მარაგებს ქმნიან. მათ შორის ტუალეტის ქაღალდის.
მისი დეფიციტი წარმოიქმნა სინგაპურში, ჰონკონგში და იაპონიაში.
ავსტრალიის სუპერმარკეტებში მათ დახლებიდან რამდენიმე წუთში იტაცებენ. ერთ–ერთმა ქსელმა გაყიდვის რაოდენობაც შეზღუდა და ერთ ადამიანს ოთხზე მეტი ქაღალდის ყიდვის უფლება არ აქვს.
მოთხოვნა გაიზარდა საბავშვო საფენებზეც, ასევე რძეზე, რომელსაც ხანგრძლივი ვარგისიანობის ვადა აქვს.
რიგები საჭმლის მიწოდებაზე
გასულ წელს ბრიტანელების 45% საკვებს ინტერნეტით იწერდა სახლში მიტანის სერვისით. ახლა კი ამ სერვისზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა, რადგან ბევრს არ უნდა ხალხმრავალ მაღაზიებში სიარული. ამიტომაც ზოგან შეკვეთას რამდენიმე დღით ადრე აძლევენ.
სასურსათო მაღაზიების მენეჯერები ამბობენ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს. საწყობებში პროდუქტების მარაგი საკმარისია, თუმცა მათ, ვისაც უნდა პროდუქტი სახლში მიუტანონ, მოცდა მოუწევთ.
ჯენერიკი მედიკამენტები
ზოგიერთი ექიმი პაციენტებს, რომლებიც გარკვეულ პრეპარატებს მუდმივად იღებენ, ურჩევს რეცეპტები აიღონ და წამლები მოიმარაგონ, რადგან მსოფლიო ფარმაცევტული ბაზარი შესაძლოა მიწოდების პრობლემის წინაშე დადგეს.
ინდოეთმა, რომელიც მთელი მსოფლიოს ჯენერიკი მედიკამენტების მეხუთედს აწარმოებს, ამ დღეებში 20 პრეპარატის ექსპორტი შეზღუდა, მათ შორის პარაცეტამოლის, რომელიც ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატია.
ინდოეთის ფარმაცევტული ინდუსტრია საჭირო ქიმიური კომპონენტების ორ მესამედს ჩინეთიდან იღებს. ინდოეთის მთავრობა ამტკიცებს, რომ არსებული მარაგები სამი თვის მანძილზე ეყოფა, წარმოების ძველი მოცულობის შესანარჩუნებლად.