დეკანოზი გიორგი მამალაძე კლინიკაში გადაიყვანეს

ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. დეკანოზს წინასწარი დიაგნოზით, “ჰიპერტონული კრიზი, თავის ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევა” აღენიშნება.

პენიტენციურმა სამსახურმა დეკანოზ მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება გაავრცელა:

“მსჯავრდებული გიორგი მამალაძე, წინასწარი დიაგნოზით ჰიპერტონული კრიზი, თავის ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევით, N9 პენიტენციური დაწესებულებიდან სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. მიმდინარე წლის 15 თებერვალს, 18.38 საათზე გიორგი მამალაძემ შეუძლოდ იგრძნო თავი. დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მიერ მას 18.41 საათიდან გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება და გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, ასევე ექიმი ნევროლოგი. 19.18 საათზე დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოცხადდა. მსჯავრდებულისთვის გადაღებულმა კარდიოგრამამ არსებითი ცვლილებები არ უჩვენა, რის გამოც გიორგი მამალაძის სტაციონარში გადაყვანა სასწრაფო დახმარების მედპერსონალმა საჭიროდ არ მიიჩნია. 21.35 საათზე დაწესებულების მედპერსონალმა კვლავ გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რის შედეგადაც მსჯავრდებული შემდგომი კვლევებისათვის სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მოთავსდა” – ნათქვამია განცხადებაში.
უკვე ერთი კვირაა, დეკანოზის ოჯახის წევრები საპატრიარქოსთან აქციას მართავენ. ისინი გიორგი მამალაძეს უდანაშაულოდ მიიჩნევენ და გათავისუფლებას ითხოვენ. სასულიერო პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე მისი ოჯახის წევრებმა ბოლო დროს განცხადება არაერთხელ გააკეთეს .