დღემდე ვერ გავიგე, ჩემ საქმეზე დაზარალებული ვინ არის – ამის შესახებ „რუსთავი-2“ – ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სასამართლო პროცესის დატოვების შემდეგ განაცხადა.
„საქმეში არა შემავალი არაადმინისტრაციული, არამედ რაღაც მოსაზრების საფუძველზე ვარ მიცემული პასუხისგებაში, ეს არის კახა ბექაური, რომელიც ხელახლა აირჩიეს კომისიის თავმჯდომარედ. ეს ადამიანები უნდა დაიკითხონ, მათ შორის ჩემს მიერ პირადად და ეს შუამდგომლობა დაყენებული გვაქვს, ვნახოთ რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო ამას სულ მალე ვნახავთ. სამწუხაროდ მოუთმენლობა დაეტყო უკვე ამ პროცესსაც. ჩემი ადვოკატები საქართველოში არ არიან მაგრამ მოსამართლე პროცესის გადადებას არ აპირებს. იგივე კალაპოტში მიდის საქმე, როგორც ყველა სხვა დანარჩენი. საქართველოს სასამართლო არის არაპროგნოზირებადი, რადგან ის არ იცავს კანონს და მოქმედებს გარკვეული პირების მითითებებით, არაფრის იმედი არ მაქვს.
ის ადამიანები, ვის დროსაც მე დირექტორი ვიყავი და მეწილეები იყვნენ, არ ცნობენ თავს დაზარალებულად, ეს ასე არ არის. ქიბარ ხალვაშს რა მოეწონებოდა, როდესაც მესაკუთრე გახდებოდა, მე ვერ ვიწინასწარმეტყველებდი, ამიტომ ბოლოს და ბოლოს თუ გამაგებინებენ ვინ დავაზარალე კარგი იქნება“ – განაცხადა გვარამიამ.
ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას და ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა. ნიკა გვარამიას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.
გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება შეეზღუდა.