დიღმის მასივში აფეთქებისას დაშავებული მამაკაცი რეანიმაციაში რჩება

დიღმის მასივში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ახალგაზრდა, ხეჩინაშვილის კლინიკაში, ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

რამდენიმე საათში გადაწყდება, დასჭირდება თუ არა 21 წლის მამაკაცს ქირურგიული ჩარევა.

21 წლის გიორგი ხოშტარია სწორედ იმ ბინაში იმყოფებოდა, რომელიც აფეთქდა. მას 35 პროცენტიანი დამწვრობა აქვს მიღებული. მის მდგომარეობას ექიმები სტაბილურად მძიმედ აფასებენ.

„ამ ეტაპზე შოკიდან პრაქტიკულად გამოსულია, გადადის გეგმიურ მკურნალობაზე. რაც შეეხება მოსალოდნელ ქირურგიულ ჩარევას, ეს გადაწყდება შემდგომ შეფასებაში ქირურგების მიერ. ამ ეტაპზე პაციენტი გონზეა, კონტაქტურია, ადეკვატურია. ჩივილები დაზიანების შესაბამისად, რაიმე დამატებით ჩარევას არ საჭიროებს,“-განაცხადა ექიმმა იაგო მათიკაშვილმა.

აფეთქების შედეგად სულ 8 ადამიანია დაშავებული,მათ შორის ერთი 7 თვის ბავშვი. დაშავებულებს ძირითადად ტვინის შერყევა და სხეულზე ტრავმები  აღენიშნებათ.