“დიპლომატიის დროა“–საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ–ირანს შორის დაძაბულობის ესკალაციას ეხმიანება

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ვითარების ესკალაციას, სოციალურ ქსელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეხმიანება. დავით ზალკანიანი ტვიტერზე წერს, რომ ვითარების დეესკალაციისა და დაძაბულობის შემცირებისთვის დიპლომატიის დროა : ,, ჩვენ დავგმეთ ბოლოდროინდელი ძალადობა და პროვოკაციული თავდასხმა ბაღდადში შეერთებული შტატების საელჩოზე. შტატებს ლეგიტიმური უფლება აქვს, საკუთარი მოქალაქეები დაიცვას,” – დაწერა დავით ზალკალიანმა ტვიტერზე.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით- ერაყში განვითარებული მოვლენების გამო- იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებთან მუდმივ კონტაქტზეა.

” საელჩო მუშაობს ერაყში საქართველოს საპატიო კონსულების მეშვეობით იმ ქართველებთან, ვის შესახებაც არსებობს ინფორმაცია და ყველა მათგანი გაფრთხილებულია უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ირანს, საელჩო ასევე მუშაობს ამ მიმართულებით“ – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ ბაღდადის აეროპორტში შეერთებული შტატების სამხედრო ოპერაციის დროს, ირანის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სამხედრო პირი , „ყუდსის ძალების“ გენერალი, ყასიმ სულეიმანი დაიღუპა. მომხდარი ირანმა-ამერიკის მხრიდან ომის გამოცხადებად შეაფასა. ირანის სულიერი ლიდერი, პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრი შტატებს საპასუხო ზომებით ემუქრებიან. სიტუაციის დაძაბვის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დატოვონ ერაყი. თავის მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს საფრანგეთიც და დიდი ბრიტანეთიც.