ძალიან კარგია ქველმოქმედება, თუმცა ენმ-მ ზუგდიდში რეკომენდაციები დაარღვია- ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ნაციონალურმა მოძრაობამ ზუგდიდში პირბადეების დარიგების დროს უსაფრთხოების რეკომენდაციები დაარღვია.

,,ძალიან კარგი არის ქველმოქმედება, თუმცა აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ამ აქციის ჩატარების შემთხვევაში იყო მკაფიოდ დარღვეული და ეს, რა თქმა უნდა, არღვევს იმ ადამიანებზე ზრუნვას და ასევე უქმნის გარკვეულ პრობლემებს და საფრთხეს იმ ადამიანებს, რომლებზეც სახელმწიფო ესე ზრუნავს”,- ამბობს ტიკარაძე.

ის ზუგდიდის მოსახლეობას ამშვიდებს, რომ სახელმწიფო მათზეც ზრუნავს და საავადმყოფოში საკარანტინე სივრცეს აწყობს.

,,აქვე მინდა დავამშვიდო ზუგდიდის მოსახლეობა, ვინაიდან ეს ვიდეოჩართვა მეც ვნახე, სახელმწიფო ზრუნავს მათზეც და ეს ზრუნვა პირბადეების გარდა გამოიხატება იმაში, რომ რამდენიმე დღეა ჩვენი მხრიდან მიმდინარეობს საავადმყოფოს მობილიზაცია, რომელსაც რამდენიმე დღეში მე თვითონ, პირადად, ადგილზე ვნახავ, სადაც მობილიზებული იქნება, როგორც საკარანტინე სივრცე, ასევე სტაციონარში გარკვეული საწოლების მობილიზაცია მოხდება. ზუგდიდიც და სამეგრელოც, ჩვენთვის, ისევე როგორც აფხაზეთი, არის ის მხარე, რომელზეც სახელმწიფო ზრუნავს თანაბრად, როგორც მის სხვა მოქალაქეებზე”,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ცნობისთვის, დღეს ნაციონალური მოძრაობის და სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა ზუგდიდში პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები და ხელთათმანები დაარიგეს. ადგილზე რამდენიმე ათეული ადამიანი იყო შეკრებილი. ამ ფაქტს გამოეხმაურა პაატა იმნაძეც და აღნიშნა, რომ ახლა პოლიტიკური ქულების დაწერის დრო არ არის და ამის შეგნება ყველას უნდა ჰქონდეს.