არქეოლოგთა ჯგუფმა ეგვიპტის სამხრეთით, ასუანის პროვინციაში მაშტაბური უძველესი სამარხი აღმოაჩინა, რომელიც ბერძნულ–რომაული მმართველობის პერიოდს ეკუთვნის (ჩვ.წ.ა–მდე 332 – ჩვ.წ.ა. 395 წლები).
ფართო სამარხი რამდენიმე ოთახისგან შედგება და მთლიანად კლდეშია გამოკვეთილი. შიგნით მოსახვედრად ქვის კიბეზე ჩასვლაა საჭირო, რომლის შესასვლელი ქვის კედლით იყო შენიღბული. ამის გამო ორი ათასწლეულის მანძილზე სამარხი ხელუხლებელი დარჩა.
ეგვიპტის სიძველეთა სამინისტროს ცნობით სამარხის შიგნით წარწერების მიხედვით მოხერხდა სამარხის “მთავარი მიცვალებულის“ ვინაობის დადგენა – ეს არის ტიიტი, თუმცა მთლიანობაში სამარხში დაახლოებით სამი ათეული მუმიაა აღმოჩენილი, მათ შორის ბალზამირებული ბავშვების სხეულები.
თავად ტიიტის ცხედარი წარწერებით გაფორმებულ ხის სარკოფაგში იყო ჩასვენებული, რომელიც დროთა განმავლობაში დაიშალა.
გვერდით კი სხვა სარკოფაგის ფრაგმენტები იპოვნეს, რომელთა თავმოყრის შედეგად შესაძლებელია სრული ტექსტის წაკითხვა, გარდაცვლილის სახელის მოხსენიებით, ასევე ლოცვების ტექსტისა ძველი ეგვიპტის ღმერთების – ჰნუმუს, სატისის, ანუკეტის და ხაფის მიმართ.
სამარხში ნაპოვნია ათობით ჭურჭელი, რომლებსაც ღმერთებისთვის შესაწირის გასაკეთებლად იყენებდნენ. ოთხი მუმიის გვერდით საკვებიანი თეფშები იყო მოთავსებული.
ორი მუმიფიცირებული სხეული, რომლებიც სავარაუდოდ დედა–შვილს ეკუთვნოდა, ერთმანეთზე იყო დასვენებული და მრავალშრიანი პაპირუსით იყო დაფარული. რამდენიმე ბავშვის ცხედარი კი ცალკე, გვერდითა გალერეაში იყო დასვენებული.
აღმოჩენილ არტეფაქტებს შორის იტალიელი პროფესორი, პატრიცია პიაჩენტინი, რომელიც გათხრებს ხელმძღვანელობს, განსაკუთრებით გამოყოფს საოცრად შენახულ საკაცეებს, რომლებითაც სამარხში სხეულები ჩაიტანეს. ისინი პალმის ხით და ნაჭრით არის გაკეთებული.
სამარხებში არქეოლოგებმა უამრავი ნივთი, ჭურჭელი, ქანდაკებები იპოვნეს, რომლებიც იმ პერიოდის შესახებ კიდევ უფრო ამომწურავ ინფორმაციას იძლევა.