“ეკა კვესიტაძემ არაკორექტულად დაუსვა კითხვა“–სააკაშვილი მერაბიშვილის ინტერვიუზე

მიხეილ სააკაშვილი ეკა კვესიტაძესთან ვანო მერაბიშვილის ინტერვიუს ფეისბუქ გვერდზე გამოეხმაურა. სააკაშვილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ მთავარ არხთან ინტერვიუს დროს ვანოო მერაბიშვილის შეცდომებზე ისაუბრა და მას პოლიტიკაში დაბრუნების ნაცვლად ოჯახთან დროის გატარება ურჩია, დღეს ამ თემაზე წამყვანის მიერ დასმულ კითხვას არაკორექტულს უწოდებს:

“ვუყურე მერაბიშვილის სატელევიზიო ინტერვიუს. ეკა კვესიტაძემ როგორც ყოველთვის ამ თემაზე არაკორექტულად დაუსვა კითხვა. მე არ მითქვამს, რომ ვანომ დაუშვა შეცდომები, მე ვთქვი, რომ ჩვენ ყველამ დავუშვით შეცდომები. და ეს მართლაც ასე არის. ვინც არაფერს აკეთებს ის არ უშვებს შეცდომებს. რა თქმა უნდა, უნდა ვყოფილიყავით კიდევ უფრო მაგრები, კიდევ უფრო უშეცდომოები. თუმცა შეუცდომელი არავინ არ არსებობს.

ეს ადამიანი შვიდი წელი იყო წამების პირობებში, იმიტომ რომ სამარტოო საკანი არის წამება, ძალიან ბევრი საერთაშორისო ნორმით. ეს სპეციალურად გააკეთა ივანიშვილმა, ნებისმიერს გადაიყვანდა ჭკუიდან. მაგრამ ის არ გატყდა, არ შეეპუა, ის ძალიან მტკიცედ გამოვიდა და ერთი გრამით არ მოიცვალა ფეხი თავის პოზიციაში და ნამდვილად იმსახურებს ძალიან დიდ დაფასებას და პატივისცემას და ჩემგან იმსახურებს ძალიან დიდ მადლიერებას. “