ეკლესიებს სიფრთხილე მართებთ, ევქარისტიის აღსრულება ეპიდემიის შესაძლო მიზეზია-ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, მალხაზ სონღულაშვილი კორონავირუსთან დაკავშირებით ღია წერილს აქვეყნებს და კოლეგებს ვირუსის  გავრცელების თავიდან აცილების მიზნით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებას სთხოვს. 

წერილში ვკითხულობთ:

“ღია წერილი ჩემს ძვირფას კოლეგებს

დღევანდელი მსოფლიო ისეთმა ვირუსმა მოიცვა, რომლის მსაგავსიც, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) აზრით, აქამდე არასდროს დაფიქსირებულა. ეს ვირუსი, მათი დასკვნით „უნიკალურია“. მისი საპირწონე მედიკამენტები დღემდე არ არსებობს.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იმასაც გვაფრთხილებს, რომ სტიგმა, რომელიც შეიძლება კორონავირუსმა გამოიწვიოს, „ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე თავად ვირუსი.“

სხვადასხვა სახის ვირუსული აფეთქება არაერთხელ გვინახავს ბოლო დეკადების განმავლობაში, მაგრამ მსგავსი აჟიოტაჟი სხვა ვირუსებს არ გამოუწვევიათ. წამყვანი ეპიდომოლოგების მოსაზრებით, ადვილი შესაძლებელია, რომ ვირუსმა მსოფილო მოსახლეობის 40 -იდან 70 პროცენტი მოიცვას.

საბედნიეროდ, ვირუსის შეკავება შესაძლებელი ჩანს, თუკი ჯეროვან ძალისხმევას მიმართავენ ხელისუფლების წარმომადგენლები და თითოეული ადამიანი.

ადამიანი მოწყვლადია ამ ვირუსთან მიმართებაში ხალხმრავალ ადგილებში, რომელთა შორისაც, ცხადია, უნდა ვიგულისხმოთ რელიგიური დანიშნულების მქონე შენობა-ნაგებობები: ეკლესიები, მეჩეთები, სინაგოგები, ზიარათები და ტაძრები.

იმის გამო, რომ ვირუსი ჰიგიენური წესების დაუცველობის შემთხვევაში უფრო იოლად ვრცელდება, საგანგებო მნიშვნელობას იძენს ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებული რჩევების გათვალისწინება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სასულიერო პირებმა ღმერთის სახელზე აპელირების ხარჯზე არ უგულებელჰყონ შემოთავაზებული რჩევები და აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ამ რჩევების პროპაგაციაში თავიანთი რელიგიური თემების წიაღში.

საგანგებო სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ქრისტიანულმა ეკლესიებმა, რადგან ევქარისტიის აღსრულება ადვილად შეიძლება გახდეს ეპიდემიის გავრცელების მიზეზი. ევქარისტია ყოველთვის იყო და დარჩება ქრისტიანული რელიგიური პრაქტიკის გულისგულად. ევქარიტიული პურისა და ღვინის მიღების წესის ნიუანსური ცვლილება არანაირ გავლენას არ ახდენს ევქარისტიის თეოლოგიაზე.

შექმნილ ვითარებაში რელიგიურობა და სასულიერო ტრადიციის ერთგულება უნდა გამოიხატოს არა ამა თუ იმ რიტუალის გაკაპასებულ დაცვაში, არამედ ვირუსით დაავადებული ადამიანების მიმართ სოლიდარობის გამოხატვაში და ადამიანის სიცოცხლის გაფრთხილებაში. ეს არის ჩვენი სამოძღვრო და სამწყემსთავრო პასუხისმგებლობის საქმე.

ფეოდალური საზოგადოებისთვის დამახასიათებელი დისკურსი ამ შემთხვევაში მიუღებელი, გაუმართლებელი და დანაშაულებრივია.

მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს: ეპისკოპოსებს, მღვდლებს, რაბინებს, მუფთებს, ხოჯებს, ახუნდებს, მჯევარებს, პასტორებს… ყველა სასულიერო პირს, რომ თავიანთი ავტორიტეტი თავიან რესპექტაბელურ თემებში გამოიყენონ ადამიანის სიცოცხლის გასაფრთხილებლად”-წერს სონღულაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ახლაი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, გაჩნდა მოსაზრება რომ ზიარება ერთჯერადი კოვზებით მოხდეს. ამ ინიციატივას ეკლესიის მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა.