ბრიტანული გამოცემა Daily Telegraph ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერების ახალ აღმოჩენაზე წერს. მკვლევარებმა გაარკვიეს, რომ ელექტროსიგარეტები მავნე ბაქტერიებს შეიცავს, რომლებსაც ფილტვებზე დამღუპველი გავლენის მოხდენა შეუძლიათ.
როგორც გაზეთი აღნიშნავს, წინა კვლევებმა უკვე აჩვენა, რომ ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც სერიოზული რესპირატორული დაავადებების განვითარებას უკავშირდება, უკვე აღმოჩნდა ელექტროსიგარეტების შემავსებლებში. თუმცა ახალი კვლევის შედეგად პირველად აღმოაჩინეს სითხეში მავნე ბიოლოგიური სუბსტანციები.
ჰარვარდის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა ელექტრონული სიგარეტის 75 პოპულარული შემავსებელი გამოიკვლიეს. კარტრიჯების და სითხეების 27%–ში ენდოქსინის კვალი აღმოჩნდა, 81%–ში კი გლუკანის. კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ კარტრიჯები ბაქტერიების სამჯერ უფრო მაღალ კონცენტრაციას შეიცავენ, ვიდრე სითხეები.
კვლევის ხელმძღვანელი, დევიდ კრისტიანი აღნიშნავს, რომ ელექტროსიგარეტების შემავსებლებში ამ ბაქტერიების აღმოჩენა მხოლოდ ამყარებს უკვე არაერთხელ გამოთქმულ შიშს ელექტროსიგარეტის სასუნთქ სისტემაზე უარყოფითი გავლენისა და საფრთხეების შესახებ.