ეპისკოპოსმა, რომელმაც საშობაო წირვა ჩაატარა, წირვის შემდეგ გამოდის და ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებს, – ასე გამოეხმაურა დეკანოზი გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტის მეუფე დიმიტრის განცხადებას, რომელმაც თორნიკე მამალაძე სიცრუეში დაადანაშაულა.
„მეუფე დიმიტრისგან სხვა გამოხმაურებას არც ველოდი. ის ცდილობს თავისი თავი გამოიყვანოს. მან მეუფე პეტრე დეკანოზის გათავისუფლების ხელისშეშლაში დაადანაშაულა. თუკი მეუფე პეტრეს, ადამიანს, რომელსაც შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება და გათავისუფლებულია სინოდიდან, უფრო დიდი ძალა შესწევს და მან არ გაათავისუფლებინა ჩემი ძმა, გამოდის, რომ ის უფრო გავლენიანი და ძლიერია ვიდრე თავად პატრიარქი და სინოდის წევრები? ეს არის აბსურდი. მეუფე დიმიტრი თვითონ იტყუება, თვითონ ამისამართებს ადამიანებს და ცილისმწამებელი გამოდის ეპისკოპოსი, რომელმაც თვითონ ჩაატარა საშობაო წირვა. წირვის შემდეგ გამოვიდა და ცილისმწამებლური განცხადებები გააკეთა. თავად მიხედოს თავის ცილისმწამებლურ და მატყუარა განცხადებებს.
რაც შეეხება პატრიარქსა და პრეზიდენტს შორის შეხვედრას, შეხვედრა ნამდვილად შედგა, 4 იანვარს, საპატრიარქოში. პრეზიდენტმა პატრიარქს ჰკითხა, თუ რა უნდა ექნა დეკანოზ მამალაძესთან მიმართებაში, რაზეც პატრიარქმა მიუგო, რომ ამ ადამიანის გათავისუფლება რომ ნდომოდა აქამდე სთხოვდა მთავრობასაც და იმდროინდელ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსაც. ასე, რომ პატრიარქმა პრეზიდენტს ჩემი ძმის შეწყალებაზე უარი უთხრა. ეს ინფორმაცია მე მაქვს საპატრიარქოში მოღვაწე იმ ადამიანებისგან, ვინც სიმართლეს ემსახურებიან და ვინც ამ შეხვედრის დროს 3 მეტრის რადიუსში იმყოფებოდნენ პატრიარქისგან და პრეზიდენტისგან. ორმა ადამიანმა მომაწოდა მე ეს ინფორმაცია, ორივემ ერთი და იგივე“, – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.