ბრიტანელი ექიმი ჯეინ ბარტონი ქალაქ გოსპორტიდან წლების მანძილზე პაციენტებს ძლიერმოქმედ ტკივილგამაყუჩებლებს აძლევდა, რის გამოც 650 ადამიანი ნაადრევად გარდაიცვალა.
ჰემფშირის საგრაფოს ქალაქ გოსპორტის პოლიციამ ქალაქის სამხედრო საავადმყოფოს ასობით პაციენტის მოულოდნელად დაღუპვის შემდეგ ახალი გამოძიება დაიწყო. სამართალდამცავებს მოუწევთ ყველა დეტალი ხელახლა შეისწავლონ საქმეში, რომელიც 2003 წლიდან აღიძრა. მისის ბარტონს შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროს.
ექიმი, რომელსაც მეტსახელად ოპიატი შეარქვეს, 656 გარდაცვალების მოწმე და შესაძლოა მიზეზიც გახდა ჰემპშირის საავადმყოფოში. ეს შემთხვევები 1988 დან 2000 წლამდე პერიოდში მოხდა. დადგინდა, რომ პაციენტების სიცოცხლე ბარტონის მიერ ძლიერმოქმედი ტკივილგამაყუჩებლის დანიშვნის შემდეგ შეწყდა.
საქმის განახლებას წინ უძღვოდა კიდევ სამი პაციენტის სიკვდილი, თუმცა ამ საქმეებში გამომძიებლებმა ჯეინ ბარტონის ბრალის პირდაპირი მტკიცებულებები ვერ იპოვნეს. პოლიციას მოუწევს წინა წლების ანგარიშები ხელახლა და დეტალურად შეისწავლოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოფილი ექიმი შესაძლოა სასამართლოს წინაშე წარდგეს.
სამხედრო ჰოსპიტალში დაღუპულთა ოჯახის წევრები და ახლობლები უკვე 20 წელია დილობენ მომხარის შესახებ სიმართლის დადგენას და პაციენტების დაღუპვის რეალური მიზეზების გამოძიებას.
“მათი ოჯახები, ვინც გოსპორტის ჰოსპიტალში გარდაიცვალა ყველაფრის ცენტრში არიან, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და იმედი მაქვს, ამბავი იმის შესახებ, რომ ახლა ამ საქმეს სრულად და დეტალურად გამოვიძიებთ მათთვის შვება იქნება“–განაცხადა საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ნიკ დაუნინგმა.
70 წლის ჯეინ ბარტონმა მედიცინის ბაკალავრის სტატუსი 1972 წელს ოქსფორდის კოლეჯში მიიღო. 1988–2000 წლებში გოსპორტის სამხედრო მემორიალურ ჰოსპიტალში მუშაობდა.
12 წლის მანძილზე ამ საავადმყოფოში ექიმმა 854 გარდაცვალების მოწმობას მოაწერა ხელი. აქედან 94% მისი პაციენტები იყვნენ, რომლებსაც ის ოპიატებით მკურნალობდა. ბარტონი პაციენტებს დიამორფინის (ჰეროინის სამედიცინო დასახელება) ძლიერ დოზებს უკეთებდა.
2014 წელს, როცა ბარტონი სამედიცინო სფეროდან უკვე წასული იყო, ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო ჰოსპიტალში პაციენტების დაღუპვის ფაქტზე. მანამდე გამოძიებები 2000 და 2003 წლებში ჩატარდა, თუმცა უშედეგოდ.
საქმის განხილვა ოთხი წელი გრძელდებოდა და 13 მილიონი ფუნტი დაჯდა. გაირკვა, რომ ჯეინ ბარტონის 456 პაციენტი ტკივილგამაყუჩებლების ზედოზირებით გარდაიცვალადა თუ სამედიცინო ბარათების არარსებობას გავითვალისწინებთ, შესაძლოა იგივე ბედი ეწია კიდევ 200 ადამიანს.
თუმცა ვერანაირი პირდაპირი მტკიცებულება ექიმ ბარტონის წინააღმდეგ გამომძიებლებმა მაშინ ვერ იპოვეს. ექიმი პაციენტების გარდაცვალებაში მის მონაწილეობას უარყოფს და აცხადებს, რომ მასზე კლინიკის ხელმძღვანელობის მხრიდან “უსაფუძვლო ზეწოლა მიმდინარეობს.“
ბარტონი ამბობდა, რომ მას სურდა პაციენტები ტანჯვისგან დაეცვა და ყოველთვის მათი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა. ამასთან, ჯეინის ქმარი, ტიმ ბარტონი აღშფოთებული იყო, რომ ჯეინი ნახევარ განაკვეთზე მუშაობდა და ვალდებული იყო ერთდროულად 48 პაციენტისთვის ემკურნალა.
“მთელი ჩემი კარიერის მანძილზე ვცდილობდი ყველაფერი გამეკეთებინა ჩემი პაციენტებისთვის და მხოლოდ მათ ინტერესებზე და გამოჯანმრთელებაზე ვფიქრობდი“ – ამბობდა ბარტონი.