ერევანში მოძრაობა “ადეკვატმა“ სოროსის ფონდის შენობასთან აქცია გამართა. აქციის ასამდე მონაწილე ფონდის სომხური ფილიალის დახურვას და მასთან აფილირებული პირების საქმიანობის შეწყვეტას ითხოვდა.
აქტივისტებს თან ჰქონდათ პლაკატები წარწერით “Stop, Soros” და მოითხოვდნენ სასწრაფო ზომების მიღებას ფონდის დასახურად. მათ ფონდის შენობაში შეჭრა სცადეს, თუმცა პოლიციამ მცდელობა აღვეთა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. პოლიციას ოფისის მთელი პერიმეტრი აქვს გამაგრებული.
მოძრაობა “ვეტოს“ ხელმძღვანელი, ნარეკ მალიანი, რომელიც წარსულში სომხეთის პოლიციის უფროსის მრჩეველი იყო, აცხადებს, რომ ფონდი “ღია საზოგადოება“ სომხეთის სახელმწიფოებას ანგრევს და საზოგადოებას მორალურად რყვნის. აქტივისტი ამბობს, რომ ფონდის სომხური ფილიალის ხელმძღვანელმა, ლარისა მინასიანმა მის წინააღმდეგ განცხადებით პოლიციას მიმართა. ჯერჯერობით განცხადების შინაარსი უცნობია, თუმცა მალიანი ამბობს, რომ პროტესტს გააგრძელებს.
“მინდა ოფისის წინ დავჯდე, ვიყვირო და მისი საქმიანობა დავამუხრუჭო. ფაქტიურად ეს ფონდია სახემწიფო, რადგან მინისტრთა კაბინეტის წევრები აქედან იღებენ მითითებებს, აქედან ხორციელდება ყველაზე ბინძური მედიაშეტევები და ჩრდილი ადგება სამართალდამცავ სისტემას“. – ამბობს ის
სომხეთში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოების არაერთ თანამდებობაზე საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ფონდ “ღია საზოგადოების“ ყოფილი თანამშრომლები დაინიშნენ. დღევანდელი აქციის მონაწილეებმა თან მათი ფოტოებიც მიიტანეს. მოგვიანებით აქცია დაიშალა, თუმცა მისი მონაწილეები ამბობენ, რომ ბრძოლას გააგრძელებენ.