ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია ხარვეზით მიმდინარეობს, გამოცდების ცენტრი განცხადებას ავრცელებს

გავრცელდა ინფორმაცია რომ  ერთიანი ეროვნული  გამოცდებისთვის რეგისტრაცია ხარვეზით მიმდინარეობს, კერძოდ აბიტურიენტთა ნაწილი გამოცდაზე რეგისტრაციის დროს  დასტურს ელექტრონულ მისამართზე დაგვიანებით ან საერთოდ ვერ იღებს. 

ამის გამო გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს და აბიტურიენტებს გამოსავალს სთავაზობს.

“იმის გამო, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა რეგისტრაციის გავლის მსურველთა რაოდენობა, აბიტურიენტთა ნაწილი ელექტრონულ მისამართზე დასტურს დაგვიანებით იღებს. ამიტომ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ რეგისტრაციის წარმატებით დასრულების შემთხვევაში აბიტურიენტის ინფორმაცია (საგანთა ჩამონათვალი, საგამოცდო ქალაქი და არჩეული პროგრამები) სარეგისტაციო გვერდზეც გამოჩნდება, რომლის ამობეჭდვა/შენახვა შესაძლებელია.”- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ აბიტურიენტებს რეგისტრაციის გავლა დღეს 18:00 საათამდე შეეძლებათ.