აგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი გეგმავს, საქართველოსა და მოლდოვისთვის არალეტალურ სამხედრო დახმარების გაზრდას.
- “ვაპირებთ, გავზარდოთ არალეტალური სამხედრო დახმარება საქართველოსა და მოლდოვისთვის, რაც ხელს შეუწყობს ლოგისტიკის, კიბერთავდაცვის, სამხედრო სამედიცინო, საინჟინრო შესაძლებლობების ზრდას. ჩვენ გეგმას დეტალურად ივნისში წარვადგენთ, ხოლო ივლისში – მივიღებთ”. – თქვა ჯოზეფ ბორელმა.
ასევე ჯოზეფ ბორელი აღნიშნავს, რომ უკრაინაში ომის პარალელურად უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხდება აღმოსავლეთ პარტნიორებთან კავშირის გაძლიერება, “საქართველოს, მოლდოვასა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მხარდაჭერა არასდროს ყოფილა ასე მნიშვნელოვანი”.
- “ევროკავშირი აგრძელებს მიმდინარე ომის მოგებაში უკრაინის მხარდაჭერას. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო და არაპროვოცირებული აგრესიის ფონზე, სტრატეგიული კომპასი მზადაა, რომ გააძლიეროს თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ჩვენს აღმოსავლეთ პარტნიორებთან. უკრაინის, საქართველოს, მოლდოვასა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მხარდაჭერა არასდროს ყოფილა ასე მნიშვნელოვანი. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას და მათთან კავშირების გაძლიერებას”. – აღნიშნა ბორელმა.