ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ მისი დაბრუნება სახელმწიფო ინტერესებს არ ემსახურება.
“საქართველოში უმნიშვნელოვანეს არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, დაპირისპირება და ძალადობა უკიდურეს საშიშ დონეს აღწევს. ამ ვითარებაში, არცერთმა პოლიტიკოსმა, რომელიც ქვეყნის ინტერესებს გულწრფელად აყენებს ყველაფერზე მაღლა არ უნდა შეუწყოს ხელი უფრო მეტ პოლარიზაციას. საქართველოს და მის ხალხს სიტუაციის ესკალაცია არ წაადგება.
ასეთ პოლიტიკურ გარემოში, ბატონი სააკაშვილის განზრახვა დაბრუნდეს საქართველოში არჩევნების დღეს არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომ მე სრულად მესმის ბატონი სააკაშვილის სურვილი იმყოფებოდეს მის სამშობლოში, ამგვარი ნაბიჯი, ამ დროისთვის, კიდევ უფრო გააღრმავებს კრიზისს, შექმნის არასაჭირო დაძაბულობას და დააზიანებს როგორც არამდგრად პოლიტიკურ პროცესებს ასევე ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს. ამ უკანასკნელმა ბოლო დროს უკვე განიცადა სერიოზული დარტყმა „ქართული ოცნების“ მავნე გადაწყვეტილებების შედეგად”,– წერს კრამონი.
მისივე თქმით, ევროკავშირს არ სურს და არც რესურსი აქვს, რომ კიდევ ერთ პოლიტიკურ კრიზისში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის იშუამავლოს.
“ევროკავშირს არ გააჩნია არც რესურსი და არც სურვილი იშუამავლოს კიდევ ერთ არასაჭირო პოლიტიკურ კრიზისში, რომელიც აუცილებლად შეიქმნება ბატონი სააკაშვილის დაბრუნების შემთხვევაში. მე და ჩემმა კოლეგებმა ყოველივე ეს მკაფიოდ განვუმარტეთ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბოლოდროინდელი შეხვედრების დროს. ამ პოზიციას ასევე ფართოდ იზიარებენ ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებიც.
ჩვენ, საქართველოს საერთაშორისო მეგობრები, ვრჩებით ქართველი ხალხის ერთგულნი, რომელიც იმსახურებ პასუხისმგებლიან პოლიტიკოსებს და მათი ქვეყნის ინტერესების დაცვას”,– აცხადებს ვიოლა ფონ კრამონი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში 2 ოქტომბერს, საღამოს ჩამოვა. მან კიევი-თბილისის რეისის ბილეთის ფოტოც გამოაქვეყნა.