ევროკავშირი მწუხარებას გამოთქვამს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე, პოლიტიკურ ლიდერებზე, სამოქალაქო აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე დაშინების, მუქარისა და ფიზიკური თავდასხმის შემთხვევების მზარდი რაოდენობის გამო. ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ბოლო მოუღონ ამ ნეგატიურ მოვლენებს და ზედმიწევნით და დროულად გამოიძიონ დოკუმენტირებული ძალადობისა და დაშინების აქტები. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ქართველ პოლიტიკურ აქტორებს, თავი შეიკავონ იმგვარი ენის გამოყენებისგან, რამაც შეიძლება კიდევ უფრო გააძლიეროს უკიდურესი პოლარიზაცია ქვეყანაში.
ევროკავშირი ასევე რჩება ღრმად შეშფოთებული ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციით. იგი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს არაზუსტი განცხადებებისგან, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებს და რაც უარყოფითად აისახება საქართველოს ურთიერთობებზე ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან.
ევროკავშირი ამჟამად განიხილავს ყველა ვარიანტს, რათა რეაგირება მოახდინოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღებაზე და სხვა ქმედებებზე, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას საქართველოში.
ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას ხელახლა შეუდგეს ევროკავშირის გზას. ევროკავშირი აგრძელებს ქართველი ხალხის გვერდით დგომას და მის აბსოლუტურ არჩევანს დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული მომავლის სასარგებლოდ.