ე.წ გერმანულ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით ევროპულმა საქართველომ ეუთოსგან პასუხი მიიღო. ინფორმაცია სპეციალურ ბრიფინგზე “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ გაავრცელა.
მისი თქმით, ეუთო/ოდირის დასკვნით, ე.წ გერმანული მოდელი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.
“როგორც მოსალოდნელი იყო, ეუთო საუბრობს იმაზე, რომ ეს მოდელი არის სრულ შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან, მას არ აქვს არანაირი წინააღმდეგობა არც საუკეთესო პრაქტიკასთან, რომელიც ევროპაში თუ სადმე სხვაგან არსებობს.
ეუთო ამბობს, რომ ნებისმიერი შეთავაზებული მოდელი უნდა იყოს შეთანხმებული მხარეებს შორის და მასზე უნდა არსებობდეს კონსენსუსი, ანუ ამბობს სწორედ იმას, რაზეც ამდენი ხანია, საუბრობს ოპოზიცია და რაზეც მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ წამოვიდეს დიალოზე.
არც ერთი სიტყვა არ არის ამ მოხსენებაში ნათქვამი, რომ ეს შემოთავაზებული რეფორმა არის არაკონსტიტუციური.
ეს არის კიდევ ერთხელ დადასტურება იმის, რომ ჩვენ მიერ შეთავაზებული მოდელი შეიძლება იქნეს მიღებული პირდაპირ. თავის მოხსენებაში ოდირი საუბრობს, რომ ამ მოდელის მიღება შესაძლებელია ხმების უბრალო უმრავლესობით პარლამენტში. ჩვენ ვართ მზად, გავაგრძელოთ ამ მოდელზე მუშაობა. ასევე, მზად ვართ, ეუთოს ექვსივე რეკომენდაცია, რომლებიც არის მეტნაკლებად ტექნიკური ხასიათის, გავითვალისწინოთ მომდევნო მუშაობაში.
ეს არის კარგი დადასტურება იმის, რომ საერთაშორისო პარტნიორები, ამ შემთხვევაში ეუთო/ოდირი, მხარს უჭერს ასეთი ტიპის რეფორმის განხორციელებას. ჩვენ შეგვიძლია, გადავიდეთ პირდაპირ იმპლემენტაციაზე, გავიტანოთ პარლამენტში და ვუყაროთ კენჭი” – განაცხადა კაპანაძემ.