ევროპა წინ უნდა აღუდგეს ჩინეთს, რუსეთს და აშშ–ს – ანგელა მერკელი

ევროპარლამენტის არჩევნების წინ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ვრცელი ინტერვიუ მისცა გერმანული გაზეთის – Süddeutsche Zeitung–ის ჟურნალისტებს, რომელშიც ამბობს, რომ ევროპამ პოზიცია უნდა შეცვალოს, რათა იმ გამოწვევებს დაუპირისპირდეს, რომლებსაც მისი მსოფლიოში უმსხვილესი  სამი კონკურენტი – ჩინეთი, რუსეთი და აშშ ქმნიან. გერმანული გამოცემისთვის მიცემული ინტერვიუ ბრიტანულმა მედიამ ვრცლად გააშუქა.

“ისინი გვაიძულებან ისევ და ისევ მოვძენოთ საერთო პოზიციები. ეს ხშირად რთულია, ჩვენი განსხვავებული ინტერესების გათვალისწინებით. მაგრამ ჩვენ ამას ვაკეთებთ. საკმარისია გავიხსენოთ, მაგალითად ჩვენი პოლიტიკა უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით“–მერკელის ამ ციტატას გამოცემა Guardian ბეჭდავს.

“ევროკავშირმა უნდა დააგროვოს პოლიტიკური ძალა, რომელიც ჩვენი ეკონომიკური შესაძლებლობების თანაზომადი იქნება, რათა ვიმოქმედოთ დიდი სახელმწიფოებისგან დამოუკიდებლად.“– ამბობს მერკელი და მაგალითად მოჰყავს ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის შესახებ ხელშეკრულების დაცვისკენ მიმართული ევროპის ქმედებები, რომელზეც დონალდ ტრამპმა უარი თქვა და მას “საშინელი ცალმხრივი გარიგება უწოდა, რომელიც არ უნდა დადებულიყო“ გერმანია და მისი მოკავშირეები, დიდი ბრიტანეთის ჩათვლით განიხილავენ ახალ საგადამხდელო სისტემას, რომელიც მათ კომპანიებს თეირანის წინააღმდეგ აშშ–ს სანქციების გვერდის ავლის საშუალებას მისცემს – წერს Times.
მერკელის თქმით, გერმანიას, საფრანგეთს და დიდი ბრიტანეთს ირანის შეთანხმების საკითხში აშშ–სგან განსხვავებული პოზიცია აქვს და ამ სიტუაციაში, სხვა საკითხებში აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად ევროპა რუსეთისა და ჩინეთის ინტერესებს იზიარებს. “ბევრი ღელავს ევროპაზე, მათ შორის მეც. ეს ნიშნავს, რომ თავს კიდევ უფრო ვალდებულად ვთვლი სხვებს შევუერთდე, რათა ევროპას მომავალი ჰქონდეს.“– ამბობს მერკელი
როგორც თაიმის უსვამს ხაზს, მერკელი ამტკიცებს, რომ ევროკავშირმა შიდა კონფლიქტები გვერდზე უნდა გადადოს და შეიმუშაოს უფრო აგრესიული შიდა და თავდაცვითი პოლიტიკა.
მერკელთან ინტერვიუ გაზეთმა მნიშვნელოვან დროს აიღო – უკვე 14 წელია ის კანცლერის თანამდებობაზეა. მისი პარტია– ქრისტიან–დემოკრატიული კავშირი ბოლო დრს პოზიციებს კარგავს, თუმცა ბევრი თვლის, რომ მერკელი საკმარისად პოპულარულია და აქვს უნარი პოსტზე მეოთხე ვადითაც დარჩეს.
ევროპარლამენტში არჩევნები მაისის ბოლოს ჩატარდება.