ევროპული სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ საქართველოს მედიასივრცე შეარყია-Human Rights Watch

ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მიერ ივლისში მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომელმაც „რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებულ საქმეში სამართლიანი სასამართლოს გარანტიის დარღვევა ვერ აღმოაჩინა, საქართველოს მედიასივრცე შეარყია, – ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ადამიანის უფლებების 2020 წლის ანგარიშშია ნათქვამი. 

„გადაწყვეტილების შედეგად, ტელევიზია ყოფილ მფლობელს – ქიბარ ხალვაშს გადაეცა, რომელმაც განაცხადა, რომ 2006 წელს ის აიძულეს, ტელევიზია საბაზრო ფასზე გაცილებით იაფად გაეყიდა. „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ვარაუდობს, რომ სარჩელი ტელევიზიის ხელში ჩაგდების მიზნით ხელისუფლების მიერაა ორკესტრირებული.ხ ალვაშმა ახალი გენერალური დირექტორი, პაატა სალია დანიშნა, რომელმაც პირობა დადო, რომ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაში არ ჩაერეოდა, თუმცა პაატა სალიამ მალევე გაათავისუფლა საინფორმაციო სამსახურის უფროსი, პროდიუსერები, პოლიტიკური და გასართობი გადაცემების წამყვანები და ამის მიზეზად ახალი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ მათი საჯარო განცხადებების გამო შექმნილი ინტერესთა კონფლიქტი დაასახელა. ამ ნაბიჯის შემდეგ ტელევიზია თითქმის მთელმა ნიუსრუმმა დატოვა, რამაც მაუწყებლობის დროებით შეწყვეტა გამოიწვია.

აგვისტოში გენერალურმა პროკურატურამ ნიკა გვარამიას ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობის ბრალდება წაუყენა და განაცხადა, რომ მან ყალბი სარეკლამო შეთანხმების გაფორმებით ტელევიზიას 7,2 მილიონი ლარი დააკარგვინა. სასამართლომ გვარამიას გირაოს სახით 40,000 ლარის გადახდა დააკისრა,“- აღნიშნულია Human Rights Watch-ის ანგარიშში.