Facebook სტატუსის გამო სუს–ში გამოკითხვაზე ხათუნა სამნიძეც დაიბარეს

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ–ერთი ლიდერს, ხათუნა სამნიძეს მოწმის სტატუსით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშია დაბარებული.

სუს-ის ინფორმაციით, მას მთავარ არხზე გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით დაკითხავენ, რომელზეც საქმე საბოტაჟის მუხლით აღძრეს.

გუშინ, ხათუნა სამნიძემ ფეისბუქზე დაწერა, რომ კოვიდ19–თან დაკავშირებული სტატუსის გამო სუსიდან დაურეკეს:

“დამირეკეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, ოფიციალურად გირეკავთო, თქვენ დაწერეთ თუ არა ესა და ეს პოსტი ფეისბუქზეო. პოსტი კოვიდ19-ის შესახებო. რა სუსის საქმეა, რას დავწერთქო და არა, გინდა თუ არა მიპასუხეთო, ქალბატონო ხათუნაო. ოფიციალურად მომწერეთ, რა ფბ პოსტებს დასდევთთქო. მეორედ რო დარეკა, ელენე ხოშტარიამ უპასუხა, დაახურა და რაღაც აღარ რეკავენ და ხომ კარგად ხართ?“– წერს ხათუნა სამნიძე.

იგივე საქმეზე “ფეისბუქ” სტატუსის გამო გამოკითხვაზე დაიბარეს ჟურნალისტი ნინო ჭელიძეც.

სუს–ში გუშინ მთავარი არხის 2 რესპონდენტი გამოკითხეს, რომლებმაც კორონავირუსის ყალბ დიაგნოზებზე სიუჟეტში საუბრობდნენ.

აღნიშნული სიუჟეტი სახელწოდებით “10 000 ლარად ნაყიდი დიაგნოზი – ხელისუფლება კოვიდით გარდაცვლილთა სტატისტიკას ხელოვნურად ზრდის” “მთავარმა არხმა”  20 ივნისს “შაბათის მთავარში” გაუშვა.

სუს–ი აცხადებს, რომ გამოკითხული აზერბაიჯანელი რესპონდენტები ამბობენ, მათი კომენტარები დამონტაჟებულია და არასწორად არის თარგმნილი.

მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრალდების საპასუხოდ მთავარ გამოშვებაში კომენტარებს აზერბაიჯანულ ენაზე გაუშვებენ.