Facebook-მა “ქართულ მარშთან” დაკავშირებული 24 გვერდი, 12 ჯგუფი და 34 ანგარიში წაშალა. ამის შესახებ Facebook-ის მიერ გავრცელებულ ანგარიშში ნათქვამი.ანგარიშში წერია, რომ გასულ თვეში 11 სხვადასხვა ქვეყნის 14 ქსელი აღმოაჩინეს და წაშალეს. 11 ქვეყანას შორის საქართველოც მოხვდა. “ქართულ მარშსა” და მის ახალგაზრდულ ფრთასთან დაკავშირებული ქსელი ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიის ანგარიშის შემდეგ აღმოაჩინეს.
“ამ საქმიანობის უკან მყოფი ადამიანები დასაპოსტად ყალბ და დუბლირებულ ანგარიშებს იყენებდნენ გვერდებისა და ჯგუფების სამართავად.ასევე, ამ ქსელს მრავალი გაფრთხილება ჰქონდა სიძულვილის ენასთან დაკავშირებით ჩვენი საზოგადოების სტანდარტების დარღვევის გამო.
პირველ რიგში, მათ ყურადღება გაამახვილეს ქართული მარშის შინაარსზე, მემარჯვენე პოლიტიკურ პარტიაზე საქართველოში. ამ ქსელზე თავსდებოდა ახალი და მიმდინარე მოვლენები ქართულად, მათ შორის არჩევნების, ამომრჩეველთა მოსყიდვის, Covid-19 პანდემიისა და აშშ-ს პრეზიდენტის ბაიდენის კრიტიკის შესახებ. ეს ქსელი მუშაობის დაწყების პროცესში იყო, როცა ის წავშალეთ.
ეს ქსელი ჩვენ ატლანტიკურ საბჭოს ციფრული სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორიის მკვლევარების მიერ მათი საქმიანობის შესახებ საჯარო ანგარიშის განხილვის შედეგად მოვიძიეთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმიანობის უკან მყოფი პირები თავიანთი ვინაობისა და კოორდინაციის დამალვას ცდილობდნენ, ჩვენმა გამოძიებამ დაადგინა კავშირი იმ პირებთან, რომლებიც ქართულ მარშთან და პარტიას ახალგაზრდულ ფრთასთან ასოცირდებოდნენ”, – ნათქვამია Facebook-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს გარდა, Facebook-მა ქსელები წაშალა ირანში, ალბანეთში, ესპანეთში, არგენტინაში, ეგვიპტეში, ისრაელში, ბენინსა და მექსიკაში.