ფაქტი, რომ თქვენ ვერ შეძელით დაპირების შესრულება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს დემოკრატიის სასარგებლოდ არ მეტყველებს, – ეს მწვავე შეფასება ევროპარლამენტარმა სანდრა კალიენტემ ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მან საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
კალიენტეს შეფასებით, რამდენიმეპრობლემა საქართველოს დემოკრატიაზე კარგად არ მეტყველებს.
„მე ვისაუბრებ საქართველოს შიდა სიტუაციაზე, ქვეყნის პოლიტიკურ კრიზისზე. თქვენ ახლახანს ახსენეთ, რომ ხალხის ქუჩაში გამოსვლა ოპოზიციის მიერ იყო გამოწვეული. მე დიდი პოლიტიკური გამოცდილება მაქვს სახალხო მოძრაობისა და ვიცი, რომ არც ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას არ შეუძლია, ათობით ათასი ადამიანი ქუჩაში გამოიყვანოს, არსებობს ამის უფრო ღრმა მიზეზი. თქვენ ახლახანს მოახდინეთ იმ ფაქტის ციტირება, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდაჭერა იზრდება, მაგრამ იმავე საზოგადოებრივი აზრის კვლევებში შეგიძლიათ ასევე ნახოთ, რომ როგორც ქართველი ხალხი თვლის, ქვეყანაში დემოკრატია უკან იხევს და ეს ძალიან შემაშფოთებელია, ვინაიდან ევროკომისია და ევროპარლამენტი ყოველთვის დიდი მხარდაჭერით უყურებს საქართველოს, ცდილობს, დაეხმაროს და წინ წაწიოს იგი, რამდენადაც ეს შესაძლებელია, მაგრამ, თუ შევადარებთ უკრაინასთან, რომელსაც თავის ტერიტორიაზე ომი აქვს და რომელიც მაინც შეუპოვრად ცდილობს დემოკრატიული რეფორმების გატარებას, ის ფაქტი, რომ თქვენ ვერ შეძელით დაპირების შესრულება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს დემოკრატიის სასარგებლოდ არ მეტყველებს. არსებობს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ივანიშვილის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ოპოზიციის ბევრი ლიდერი დროს ციხეში გაატარებს მომავალში, ეს არის ის რაღაც, რაც ძალიან ძნელი მისაღებია. ის ფაქტი კი, რომ „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას წინააღმდეგ გამოძიება 5-წლიანი სიჩუმის შემდეგ დაიწყო, ძალიან სიმბოლურია“, – განაცხადა კალიენტემ.