არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ფეისბუკის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება. საუბარი ფეისბუქის მიერ “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული ანგარიშების, გვერდების და ჯგუფების წაშლაზე.
“20 დეკემბერს Facebook-მა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კომპანიამ სოციალურ ქსელში არსებული ასობით ყალბი და კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში შემჩნეული გვერდი, ჯგუფი და მომხმარებელი წაშალა, რომლებიც არასამთავრობო სექტორის, სახალხო დამცველის, ოპოზიციისა თუ სხვადასხვა სამოქალაქო აქტივისტის მადისკრედიტირებელ მასალას აქვეყნებდნენ. ამ ჯგუფების უკან მდგომი პირების ქმედებებში, შესაძლოა, რამდენიმე დანაშაულის ნიშანი იკვეთებოდეს, შესაბამისად, გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. ორგანიზაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გამოძიების პროცესში მკაცრად უნდა იყოს დაცული ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და კონკრეტულ დანაშაულს შორის. პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა იმ შემთხვევაში უნდა დაიწყოს, თუ ნათლად დადგინდება, რომ ქმედება დანაშაულის ნიშნების შემცველია და არ ექცევა გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროში.
Facebook-ის გამოძიების შედეგად ჯამში 39 ანგარიში, 344 გვერდი და 13 ჯგუფი გაუქმდა. ამავე გამოძიებით დადგინდა, რომ წაშლილი გვერდები პარტია „ქართულ ოცნებასთან” და სარეკლამო კომპანია „პანდასთან” იყვნენ დაკავშირებულები. ამ გვერდებმა დაახლოებით 316 000 აშშ დოლარი Facebook-სა და Instagram-ზე რეკლამაში, ანუ პოსტების დასპონსორებაში დახარჯეს. ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ ყალბი ჯგუფების ქმედებები უმეტესად მიმართული იყო საზოგადოებრივად აქტიურ პირებზე ზემოქმედებისა და მათი საქმიანობისათვის ხელშეშლისაკენ.
გავლენებისგან თავისუფალი საგამოძიებო ორგანოების პირობებში, გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაწყებულიყო. ობიექტური გამოძიების შემთხვევაში შესაძლოა გამოიკვეთოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რამდენიმე დანაშაულის ნიშანი, კერძოდ:
1. სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 194 – უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია
გამოძიებამ უნდა დაადგინოს ყალბი ჯგუფების უკან მდგომი პირები იყენებდნენ თუ არა უკანონო ფინანსებს მათი აქტივობებისთვის, მათ შორის Facebook პოსტების რეკლამირება/სპონსორობისთვის, გვერდების მართვაში ჩართული პირების ანაზღაურებისა და სხვა საკითხებისთვის;
2. სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 182 – მითვისება ან გაფლანგვა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით
გამოძიებამ უნდა დაადგინოს ხდებოდა თუ არა საბიუჯეტო სახსრების უკანონო გამოყენება ყალბი ჯგუფების უკან მდგომი პირების საქმიანობის ხელშესაწყობად;
3. სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 333 – სამსახურებრივი უფლებამისილების გადამეტება
გამოძიებამ უნდა დაადგინოს ყალბი ჯგუფების უკან მდგომი პირები მოქმედებდნენ თუ არა საჯარო მოხელეებისა თუ სხვა თანამდებობის პირების დახმარებით ან მათ მიერ გაცემული დავალებების შესაბამისად;
4. სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 1443 – დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა
გამოძიებამ უნდა დაადგინოს ყალბი ჯგუფების უკან მდგომი პირების მიერ განხორციელებული ქმედებები ისახავდა თუ არა მიზნად ადამიანების დამცირებას ან პატივისა და ღირსების შელახვას. ხშირად, ყალბი Facebook გვერდები და ჯგუფები კონკრეტული პირებისა და ჯგუფების (რელიგიური, ეთნიკური და სექსუალური უმცირესობების, აქტივისტებისა და სამოქალაქო სექტორის, ასევე, ოპოზიციური პარტიების და მათი მომხრეების) წინააღმდეგ მადისკრედიტირებელ კამპანიას ეწეოდნენ;
5. სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 1571 – პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა
გამოძიებამ უნდა დაადგინოს ყალბი ჯგუფების აქტივობებს თან ახლდა თუ არა პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება ან გავრცელება. ამასთან, დასადგენია, ამგვარ ქმედებებში საჯარო მოხელეთა ჩართულობის ხარისხი;
6. სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 2391 – ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება
იმის გამო, რომ ყალბი გვერდები ხშირად აგრესიულ კამპანიას ატარებდნენ და კონკრეტული შეხედულების მქონე ადამიანებს და მათ მომხრეებს კონკრეტულ განწყობებს უქმნიდნენ, დასადგენია შეიცავდა თუ არა მათი ქმედება რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნის მქონე პირთა ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოსაგდებად ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებას, რამაც ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირი და არსებითი საფრთხე შექმნა;
7. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონი, მუხლი 342 – უკანონო შემოწირულება
გარდა ზემოაღნიშნული შესაძლო დანაშაულებისა, ამ მადისკრედიტებელი ჯგუფების აქტივობები, რომლებიც მიმართული იყო კონკრეტული პოლიტიკური ძალის მხარდაჭერისაკენ, შესაძლოა, პოლიტიკური შემოწირულების შემთხვევად ჩაითვალოს, რითაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს” – ნათქვამია განცხადებაში.