„ფეისბუქის“ პატრონს, თუ ვინც არის, ვურჩევ, რომ ორმხრივად იმოქმედოს ასეთ შემთხვევებში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კარლო კოპალიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა და ასე გამოეხმაურა ფეისბუქის მიერ ხელისუფლებასთან კავშირში მყოფი ასობით გვერდისა და ანგარიშის გაუქმებას.
„დამისახელეთ, რომელიმე ჯგუფი, რომელიც „ფეისბუქმა“ გააუქმა და რომელზეც დამტკიცდა, რომ ანტიდასავლურ პროპაგანდას ავრცელებდა. თუ მსგავსი რამ იყო, ვეთანხმები, რომ უნდა გაუქმდეს, მაგრამ ეს გაუქმება უნდა მოხდეს ორმხრივად. როდესაც პროდასავლურობაზე გაქვს პრეტენზია და უზარმაზარ ოპოზიციურ გაერთიანებას ქმნი, მაგ გაერთიანების წევრები მოსკოვში არ უნდა დარბოდნენ. აი, სად არის პროდასავლურობის ღალატი და ვინ არიან პრორუსები, აღარ ვლაპარაკობ მათ თავმჯდომარეზე პოლკოვნიკ ვაშაძეზე. ამიტომ „ფეისბუქის“ პატრონს, თუ ვინც არის, ვურჩევ, რომ ორმხრივად იმოქმედოს ასეთ შემთხვევებში. თუმცა ეჭვი მაქვს, რომ ეს აქედან მიწოდებული ინფორმაცია იყო და ეს ერთ-ერთი ხერხია „ქართულ ოცნებასთან“ საბრძოლველად, მაგრამ ეს არ გამოუვათ. „ფეისბუქმა“ რეაგირება გააკეთა იმაზე, რა ინფორმაციაც მიიღო. ისეთი გვერდებია გაუქმებული, რომელთა 90% რეალურია,“ – განაცხადა კოპალიანმა.
შეგახსენებთ, ფეისბუქმა საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული ასობით გვერდი, ანგარიში და ჯგუფი წაშალა.