ფეისბუქმა მისი “შიდა აღსრულების“ ბოლო ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი რამდენ პოსტთან, ჩანაწერთან და ანგარიშთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის მარტის ჩათვლით პერიოდში. ამ ექვსთვიან პერიოდში ფეისბუქმა სამ მილიარდზე მეტი ყალბი ანგარიში დაბლოკა – მეტი, ვიდრე ოდესმე წარსულში.წაშლილ იქნა შვიდ მილიონზე მეტი პოსტი “სიძულვილის ენის შემცველი გამონათქვამებით“, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია. ფეისბუქმა პირველად გაავრცელა ინფორმაცია, რამდენი წაშლილი პოსტი იქნა გასაჩივრებული და რამდენი დააბრუნეს უკან, ონლაინ შემოწმების შემდეგ.
ჟურნალისტებთან საუბრისას ხუთშაბათს ფეისბუქის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა იმ შეტევებს და ბრალდებებსაც უპასუხა, რომლებიც ბოლო დროს ფეისბუქის მიმართ გახშირდა.
კრიტიკოსებს შორის გასულ კვირას იყო ფეისბუქის ერთ–ერთი თავდაპირველი დამფუძნებელი, კრის ჰიუზი, რომელმაც დაწერა, რომ დროა ფეისბუქი დაიშალოს, რადგან ის მეტისმეტად დიდია და ძლევამოსილი. და რაც მთავარია, მისი გენერალური დირექტორი, მარკ ცუკერბერგი არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს.
ჰიუზის თქმით, ცუკერბერგი კარგი ადამიანია, მაგრამ ის კლიკების და შემოსავლების ზრდისთვის მომხმარებელთა უსაფრთხოებას მსხვერპლად სწირავს.
მარკ ცუკერბერგი ამბობს, რომ კომპანიის ზომა მისი უპირატესობაა და არა ნაკლი და კომპანიის დანაწევრება პრობლემას ვერ გადაწყვეტს.
“კომპანიის წარმატებამ საშუალება მოგვცა დაგვეფინანსებინა ეს ძალისხმევა მასობრივ დონეზე. ჩემი აზრით, ჩვენი უსაფრთხოების სისტემაზე დახარჯული ბიუჯეტი ბევრად აღემატება წელს ტვიტერის მთლიან ბრუნვას.“–განაცხადა ცუკერბერგმა. ფეისბუქის განცხადებით წაშლილი ყალბი ექაუნთების ამხელა რაოდენობა სოციალური ქსელის “ცუდი მოთამაშეების“ მიერ ავტომატიზირებული მეთოდების გამოყენებით იყო შექმნილი. მაგრამ როგორც ცუკერბერგი ამბობს, ისინი გამოავლინეს და მათი უმრავლესობა მალევე წაშალეს, სანამ „ვინმეს ზიანს მიაყენებდნენ.“
სოციალური ქსელი ამიერიდან ანგარიშში იმასაც შეიტანს, რამდენი პოსტი წაიშალა “რეგულირებადი საქონლის“ გაყიდვის გამო, როგორიც არის ნარკოტიკები და იარაღი.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ექვსთვიან პერიოდში მათ რეაგირება მოახდინეს იარაღის გაყიდვის ერთ მილიონზე მეტ პოსტზე.
ანგარიშში საუბარია იმაზეც, როგორ ებრძვის ფეისბუქი ისეთი ტიპის კონტენტის გავრცელებას, როგორიც არის: ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ფოტოები, ძალადობა და ტერორიზმის პროპაგანდა. ანგარიშში წერია, რომ ამ ტიპის კონტენტის გავრცელება მინიმუმამდე დაიყვანეს და პრაქტიკულად აღკვეთეს.
ჯამში, ფეისბუქის ანგარიშის მიხედვით ამ სოციალურ ქსელში ყოველთვიური აქტიური მომხმარებლის დაახლოებით 5% ყალბი ანგარიშები იყო.
პირველად ანგარიშში მოყვანილია მონაცემები, რომ იანვრიდან მარტის ჩათვლით პერიოდში მილიონზე მეტი პოსტი წაიშალა სიძულვილის ენის გამო.
150 000 პოსტი აღადგინეს მას შემდეგ, რაც მათში სიძულვილის ენა არ აღმოჩნდა.
ფეისბუქის განცხადებაში ნათქვამია, რომ ანგარიში შეიცავს იმ სფეროებს, რომლებშიც კომპანია აპირებს ღიაობის პოლიტიკა აწარმოოს და აშენოს უფრო მეტი ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება იმ ადამიანების მიმართ, ვინც მათ პლატფორმას იყენებს.