27 აგვსტოდან 4 სექტემბრამდე ჰოლივუდური ბლოკბასეტერის, ფორსაჟის გადაღებების გამო რუსთაველის გამზირი სრულად იკეტება. ისევე, როგორც ვაჟა–ფშაველას გამზირზე აქაც არა მხოლოდ ავტომანქანების მოძრაობა, არამედ ფეხით მოსიარულთე გადაადგილებაც კი აიკრძალება და მხოლოდ გარკვეულ საათებში იქნება ნებადართული. ამის მიუხედავად აქცია “სირცხვლილია“, რომელიც პარლამენტის წინ 68–ე დღეა მიმდინარეობს, გაგრძელდება. ამის შესახებ აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორი, შოთა დიღმელაშვილი წერს. მისი თქმით აქციის ორგანიზატორებმა ფორსაჟის გადამღებ ჯგუფთან შეთანხმებას მიაღწიეს:
“თანამემამულენო, როგორც იცით ხვალიდან, რამდენიმე დღით, რუსთაველი იკეტება ჰოლივუდური ფრანშიზის, Fast and furious (ე.წ. “ფორსაჟი”) გადასაღებად.
ისიც იცით, რომ პარლამენტის წინ შსს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით უკვე ორ თვეზე მეტია, ჩვენი მშვიდობიანი მანიფესტაცია იმართება; აგვისტო-სექტემბრის განმავლობაში ამ ტერიტორიიდან, 20:20 სთზე, მედიაპროექტი #სირცხვილია მაუწყებლობს ყოველდღიურ რეჟიმში და ონლაინრეიტინგების რეკორდებს ხსნის. გეგმის მიხედვით 20 სექტემბრამდე ასე გაგრძელდება, 20 სექტემბერს კი “გამოდი, გამოდი, გამოდი, გამოდი, გამოდი, გამოდი, გამოდი გარეთ!” – ვუბრუნდებით მასობრივი აქციის ფორმატს.
მოგეხსენებათ, საინფორმაციო ველი მოცულია საბიუჯეტო და კერძო სახსრებით ხელგაშლილად დაფინანსებული დეზინფორმაციული გვერდებითა და არხებით, რომლებიც ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრებისთვის მებრძოლი მანიფესტაციის დისკრედიტაციას ცდილობს.
ამიტომაც ამ ორი მოვლენის – “ფორსაჟის” და “სირცხვილიას” – თანაკვეთის შესახებ ყალბი სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად (როგორიც შეიძლება იყოს “ამათ გამო ქვეყანა მილიონებს დაკარგააავს!!!”), საჭიროდ ჩავთვალეთ დაგვეზუსტებინა, რომ ჩვენ კვირების წინ შევხვდით Fast and furious-ის გულისხმიერ გუნდს და შევთანხმდით რაღაცებზე.
კერძოდ: მართალია რუსთაველი ჩაკეტილია, მაგრამ Fast and furious-ის გადაღება მიმდინარეობს მხოლოდ დღის შუქზე, ხოლო 20:20 საათისთვის, როცა #სირცხვილია იწყება, გადაღების პროცესი დასრულებული იქნება და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა შეუფერხებლად გავაგრძელოთ მანიფესტაცია არსებული ფორმატით. ორივე მხარე ერთმანეთის დაუბრკოლებლად გააკეთებს საკუთარ საქმეს.
აქამდე შესაძლებლობა არ მქონია, საჯაროდ მადლობა გადამეხადა ამ გუნდის როგორც ქართული, ისე ამერიკული მხარისთვის. უღრმესი მადლობა მათ, რომ თავადვე გამოიჩინეს ინიციატივა და უმაღლესი სამოქალაქო თვითშეგნება!“ – წერს შოთა დიღმელაშვილი