გარდაბნის მუნიციპალიტეტი სოფელ მზიანეთში მდებარე სკვერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია „ევრონაცების მორიგი ტყუილია”.
„ევრონაცების მორიგი ტყუილი
სოციალურ ქსელში ე.წ. გვერდის – „ჩემი ქალაქი კლავს“ მიერ გავრცელდა ფოტოები, სადაც ასახულია სოფელ მზიანეთში მდებარე სკვერი. ფოტოები დასათაურებულია შემდეგი ტექსტით – „სად მიდის ჩვენი ფულები“. ფოტოების ავტორს აღნიშნული სკვერი მისთვის სასურველი რაკურსით აქვს გადაღებული, სადაც არ ჩანს დასახლებული პუნქტი და შესაბამისად არც საცხოვრებელი სახლები.
მოსასვენებელი სკვერი 2019 წელს, „სოფლის მხარდაჭერის პროექტის“ ფარგლებში მზიანეთის მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესების გათვალისწინებით გაკეთდა და ადგილმდებარეობაც მათი გადაწყვეტილებით შეირჩა, რომელიც დასახლებული პუნქტიდან 20 მეტრში მდებარეობს. აღნიშნული გადაწყვეტილებების შესახებ არსებობს შესაბამისი კრების ოქმებიც.
2019 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროექტის“ ფარგლებში აღნიშნულ სივრცეზე – დაიგო ბეტონის საფარი, მოეწყო ხელოვნური ბალახის საფარი, დამონტაჟდა მოსასვენებელი სკამები და ტრენაჟორები. 2020 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროექტის“ ფარგლებში სოფელ მზიანეთისთვის გამოყოილი თანხებით და კვლავ მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით სკვერის მიმდებარედ, მოეწყობა რეკრიაციული ზონა.
ასევე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2020 წელს დამატებით გამოიყოფა გარკვეული თანხა და მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები. ასევე, მიმდინარე წელს აღნიშნულ ტერიტორიაზე აშენდება კომბინირებული მინი სტადიონი.
სკვერის რეალური ადგილმდებარეობის, კრების ოქმებისა და ვიზუალური ნაწილის შესახებ გთავაზობთ თანდართულ ფოტო-მასალას”, – აღნიშნულია განცხადებაში.