Fox News ხმის მიცემის მანქანების კომპანიას 2020 წლის არჩევნების გაშუქებისას ცილისწამების გამო 787,5 მილიონს გადაუხდის

Fox News-მა 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების გაშუქების თაობაზე ხმის მიცემის მანქანების მწარმოებელი Dominion-ის მიერ სასამართლოში წარდგენილი პრეტენზიები არასასამართლო წესით დააკმაყოფილა.

მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეული იქნა პროცესის დაწყებამდე ბოლო მომენტში, რომელსაც ამერიკული მედია უკვე უწოდებს ბოლო საუკუნის ყველაზე გახმაურებულ ცილისწამების საქმეს. მაუწყებელი დათანხმდა მოსარჩელეებს გადაუხადოს 787,5 მილიონი აშშ დოლარი, რაც მათ მიერ მოთხოვნილი ზარალის ანაზღაურების ოდენობის დაახლოებით ნახევარია. სარჩელში კომპანია 1.6 მილიარდ დოლარს ითხოვდა.

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი თანხა, რაც კი ოდესმე გადაუხდიათ ცილისწამების საქმეებში შეერთებულ შტატებში, სადაც მედია ორგანიზაციები ტრადიციულად ძლიერად არიან დაცული სიტყვის თავისუფლების კონსტიტუციური გარანტიებით.

2020 წლის არჩევნების შემდეგ, დამარცხებული ტრამპის  მომხრეები აცხადებდნენ, რომ ხმების დათვლა რიგ შტატებში გაყალბდა მისი კონკურენტის ჯო ბაიდენის სასარგებლოდ და რომ ხმის მიცემის აპარატების გამოყენებამ, სავარაუდოდ, ამაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ამ ბრალდებების გავრცელებას მოსარჩელეების თქმით. ხელი შეუწყო კონსერვატიულმა ტელეარხმა Fox News-მა.

სარჩელში Dominion-მა განაცხადა, რომ მის ბიზნესზე უარყოფითი გავლენა მოახდინა კომპანიის მიერ გავრცელებულმა ცრუ ინფორმაციამ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მიმართული ხმების თაღლითური დათვლის შესახებ.

მხარეებს შორის გარიგებამ საშუალება მისცა Fox News-ის მენეჯმენტს, მათ შორის მის მფლობელს რუპერტ მერდოკს, თავიდან აეცილებინათ სასამართლოში ბრალდებულად გამოცხადების პერსპექტივა.

როგორც Dominion-ის ადვოკატებმა წინასასამართლო მოსმენების დროს განაცხადეს,  92 წლის მერდოკმა, აღიარა, რომ მან არაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მის ქსელს არ გაევრცელებინა ცილისმწამებლური ცნობები ხმების დათვლის გაყალბების შესახებ.

კომპანიის ადვოკატები სასამართლოდან გამოსვლისას სიხარულს არ მალავდნენ

სასამართლოს გარეშე მორიგების განცხადებაში Fox News-მა განაცხადა, რომ იგი რჩება უმაღლესი ჟურნალისტური სტანდარტების ერთგულად.

“ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი გადაწყვეტილება, დაარეგულიროს ეს დავა დომინონთან მშვიდობიანად,  ნაცვლად გამყოფი სამართლებრივი ბრძოლისა, საშუალებას მისცემს ქვეყანას დახუროს ეს საკითხი და განაგრძოს ცხოვრება“, – ნათქვამია მაუწყებლის განცხადებაში.

თუმცა, Fox News-ს კიდევ ერთი  სამართლებრივი დავა ხმის მიცემის მანქანების კიდევ ერთი მწარმოებლის, Smartmatic-ისგან ელის, რომელიც თვლის, რომ მას 2,7 მილიარდი დოლარის ზარალი მიადგა. ფირმის ადვოკატებმა დაითვალეს მათ წინააღმდეგ ასზე მეტი ცილისმწამებლური ბრალდება Fox News-ის ეთერში. კერძოდ, Fox-ის ცნობით, Smartmatic სავარაუდოდ ვენესუელაში ადგილობრივი კორუმპირებული დიქტატორების წაქეზებით დაარსდა.

ამავდროულად, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ნიუ-იორკის შტატის კანონები მკაცრად იცავს მედიის სიტყვის თავისუფლებას, რაც უკიდურესად გაურთულებს Smartmatic-ს სასამართლოში გამარჯვებას.

მარტის ბოლოს, აშშ-ის ორგზის იუსტიციის მინისტრმა, უილიამ ბარმა დაწერა სტატია Wall Street Journal-ში, სადაც ამტკიცებდა, რომ საქმე ფოქსის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს, ან სასამართლოში ან აპელაციაში. ბარმა მხარი დაუჭირა არხის ადვოკატთა პოზიციას, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მისი წამყვანები მხოლოდ აცნობდნენ თავიანთ აუდიტორიას დომინიონის სავარაუდო ინტრიგების ბრალდებებს, მაგრამ არასოდეს უთქვამთ, რომ ეს ბრალდებები სიმართლეს შეესაბამება.

მაშინაც კი, თუ Fox კომპანია Dominion-თან მორიგებას არ გააფორმებდა და დავას ყველა ინსტანციაში წააგებდა, ყველა შემთხვევაში, არხიდან მოთხოვნილი 1,6 მილიარდი დოლარის ამოღება ისეთივე რთული იქნებოდა, როგორც ცილისწამებაში მისი დანაშაულის დამტკიცება.

Fox-ის მხარდამჭერები იხსენებენ, რომ 2018 წელს Dominion-ის ღირებულება 200 მილიონ დოლარად იყო შეფასებული და ვერ გაუგიათ, თუ როგორ მოახერხა მოსარჩელემ ასეთი ოდენობის ზარალის ამოღება, რომელიც თითქოსდა მოპასუხის ბრალეულობით მიადგა.

ნაციონალური  საზოგადოებრივი რადიო (NPR), Fox-ის იდეოლოგიური ანტიპოდი, ამბობს, რომ Dominion–ს, რომელიც ახლა  ქვეყნის 50 შტატიდან 28-ში ფუნქციონირებს, ახლა უფრო მეტი მომხმარებელი ჰყავს, ვიდრე კონსერვატიული ტელერეპორტიორების მიერ კომპანიის ცილისწამებამდე. დომინიონს უნდა დაერწმუნებინა მოსამართლეები, რომ ცილისწამება რომ არ ყოფილიყო, მას კიდევ უფრო მეტი კლიენტი ეყოლებოდა, რაც საკმაოდ რთული ამოცანა იქნებოდა.

თუმცა, მიუხედავად უზარმაზარი თანხისა, რომლის გადახდა  Fox –ს  მოუწევს წინასასამართლო გარიგებიდან გამომდინარე, ტელეკომპანიისთვის ეს   საკმაოდ დადებითი შედეგია, ამბობენ იურიდიული ექსპერტები.

რუპერტ მერდოკი

სარჩელი წაახალისებდა საზოგადოებას, კიდევ უფრო მჭიდროდ გამოეკვლია, როგორ აშუქებდა გასულ საპრეზიდენტო არჩევნებს ტელეარხი, და არავინ იცის, კიდევ რა გამოვიდოდა დღის სინათლეზე, ამბობს  სირაკუზის უნივერსიტეტის პროფესორი, კონსტიტუციონალისტი როი გუტერმანი.

“ექვსკვირიანი სასამართლო პროცესი შეიძლება დამქანცველი განსაცდელი ყოფილიყო ყველა მონაწილესთვის და, სავარაუდოდ, არცთუ დადებითი გავლენის მქონე ფოქსისთვის და მისი რეპუტაციისთვის,” ამბობს ის. “თუმცა, თუ ფოქსი წააგებდა, ეს კიდევ უფრო ძვირი დაჯდებოდა და სერიოზულ გავლენას მოახდენდა სასამართლოს მომავალ გადაწყვეტილებებზე,  რაც შეეხება დანაშაულებრივი განზრახვის დადგენის სტანდარტებს, ისევე როგორც თავად კონსტიტუციის პირველ შესწორებას“.

სამოქალაქო სამართალწარმოების ადვოკატის მაიკლ სიმფსონის თქმით, რეპუტაციული  ზიანის პერსპექტივამ, რომელიც მაუწყებელს მიადგებოდა, თუ მისი უმაღლესი თანამდებობის პირები, მათ შორის მფლობელი რუპერტ მერდოკი და პოპულარული ტელეწამყვანები იძულებულნი გახდებოდნენ სასამართლოში ჩვენება მიეცათ, სასწორის პინა მორიგების სასარგებლოდ გადახარა.

Dominion, თავის მხრივ, მიღწეულით დაკმაყოფილებას არ აპირებს:  საქმეები მიმდინარეობს კიდევ ორი ​​კონსერვატიული სატელევიზიო ქსელის: OAN-ისა და Newsmax-ის წინააღმდეგ. ფირმამ ასევე შეიტანა მსგავსი სარჩელი დონალდ ტრამპის ზოგიერთი მოკავშირის, მათ შორის რუდი ჯულიანის, სიდნი პაუელის და მაიკ ლინდლის წინააღმდეგ.