პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, Freadom House–ის დასკვნაში ფაქტობრივი უზუსტობებია.
“რამდენადაც გავეცანი თვითონ დასკვნას, იქ თვალში მომხვდა რამდენიმე ფაქტობრივი შეცდომა და უზუსტობა, რომელიც მე ვფიქრობ, რომ არსებით გავლენას მოახდენს, რა თქმა უნდა, საბოლოო შეფასებებზე, რომელიც გაკეთებულია დასკვნაში. მე არ ვიცი რომელ ინფორმაციას და რა ინფორმაციას ეყრდნობა ამ შემთხვევაში ეს ორგანიზაცია, რომლის დასკვნაზეც საუბრობთ, მაგრამ იქ არის აშკარად ფაქტობრივი შეუსაბამობები. არაერთია, მათ შორის, არჩევნებთან მიმართებაშიც და გადათვლასთან მიმართებაშიც. ცდებიან, შეგვიძლია გადაჭრით გავცეთ პასუხი, მცდარად უთითებენ.”,– ამბობს სარჯველაძე.
მისი მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის, რადგან ის ხელისუფლებას კომერციული მიზნისთვის არ იყენებს.
“თუ გულისხმობენ ბიძინა ივანიშვილის ჩართულობას სახელისუფლებო პროცესებში, რომელსაც ჰქონდა ადგილი წინა პერიოდში, ეს არამც და არამც არ შეიძლება ჩაითვალოს ოლიგარქიული მმართველობის ნიმუშად. რატომ? ოლიგარქიული მმართველობა საზოგადოდ გულისხმობს, როდესაც ოლიგარი სათავისოდ იყენებს ხელისუფლებას. ამ შემთხვევაში ასეთი განცხადების არავითარი წინაპირობა, რომ ხელისუფლება გამოყენებული იქნა კომერციული ინტერესებისთვის, უბრალოდ არ მოიპოვება”,– ამბობს სარჯველაძე.
საერთაშორისო ორგანიზაციის Freedom House-ის ანგარიშის “თავისუფლება მსოფლიოში 2021”, მიხედვით, საქართველოს რეიტინგი 60 ქულამდე გაუარესდა. ანგარიშის მიხედვით, “ოლიგარქიული გავლენა უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის პოლიტიკურ საქმეებზე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და მედია გარემოზე, ხოლო პოლარიზაციის გამო მართლმსაჯულება პოლიტიზირებულია”.