რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის დღის წესრიგი არ არის.
მისი აზრით, მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ რიგგარეშე არჩევნების მოპოვება და საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება შეძლოს.
“#Freemisha კამპანია, ანუ მიშას გათავისუფლება არის მოთხოვნა, რომელიც უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს, “ნაციონალურ მოძრაობას” და ეს არ არის ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის დღის წესრიგი. ვფიქრობ, რომ ეს დაინახა მესამე პრეზიდენტმა და ის თვლის, რომ ეს არის ცალკე გასაკეთებელი კამპანია.
დღევანდელი პოლიტიკური დღის წესრიგი არის ის, რომ შევძლოთ და მოვიპოვოთ რიგგარეშე არჩევნები, მაგრამ მე ვფიქრობ, და ვლაპარაკობ “რესპუბლიკური პარტიის” სახელით, სანამ რიგგარეშე არჩევნების მოპოვებას შევძლებთ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ოპოზიციური პარტიების თანამშრომლობით, კოორდინაციით შევძლოთ ის, რომ “ქართულმა ოცნებამ” კენჭისყრაზე დასვას საკონსტიტუციო ცვლილებები და ჩვენ მივიღოთ ეს ცვლილებები”,– განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
გუშინ ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციისთვის მთავარ საკითხზე კონცენტრაციის მეტი შესაძლებლობის დასატოვებლად უმჯობესი იქნება, თუ მის გათავისუფლების კამპანიაზე იმუშავებს საინიციატივო ჯგუფი, რომელიც, “ერთის მხრივ, გაითვალისწინებს ოპოზიციის გენერალურ პოლიტიკური ხაზს და, მეორეს მხრივ, კოორდინაციას გაუწევს მიმდინარე კამპანიას”.