FSB-ს შეფთან ურთიერთობა ისჯება კანონით, სისხლის სამართლის დანაშაულია – ხოშტარია გომელაურს პასუხობს

FSB-ს შეფთან ურთიერთობა ისჯება კანონით, სისხლის სამართლის დანაშაულია – დროას ლიდერი ელენე ხოშტარია სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. ხოშტარია აცხადებს, რომსაქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დააფიქსირა სახელმწიფოს პოზიცია, რომ მსგავსი შეხვედრა არ წარმოადგენს პრობლემას და არ არის დანაშაული. ხოშტარია გომელაურს პასუხობს და ამბობს, რომ FSB-ს შეფთან ურთიერთობა ისჯება კანონით და მასთან შეხვედრა სისხლის სამართლის დანაშაულია.

“რამდენიმე დღის წინ ჩვენ მოვისმინეთ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნისგან და ამჟამად პოლიტპატიმრისგან, გოგაშვილისგან სრულიად შემაშფოთებელი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს და რუსეთის სპეცსამსახურები ერთმანეთთან რეგულარულად თანამშრომლობენ და იმართება საიდუმლო შეხვედრები. ამასთანავე, მოვისმინეთ ძალიან დეტალური აღწერა შეხვედრების ადგილის, გარემოებების, თუ როგორ მოხდა იქ გამგზავრება, ვინ იყო, ვინ ჩამოვიდა, ეს არის ძალიან სარწმუნო ინფორმაცია და ადასტურებს იმას, რომ გოგაშვილი დღეს ციხეში ზის სწორედ ამ ინფორმაციის გამჟღავნების გამო. ამის შემდეგ, გუშინ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და თავის დროზე სუს-ის ხელმძღვანელმა დაადასტურა, რომ მსგავსი შეხვედრა იყო. ამასთანავე, მან დააფიქსირა საქართველოს სახელმწიფოს პოზიცია, რომ მსგავსი შეხვედრა არ წარმოადგენს პრობლემას და არ არის დანაშაული. სანამ პოლიტიკურ შეფასებაზე გადავალ, რაც ერთმნიშვნელოვანია და წარმოუდგენელიც კი, რომ საქართველოს ოკუპაციის, თავდასხმის, წამების ფონზე რაც ჩვენ გამოვიარეთ რუსეთისგან, იმ გმირობების ფონზე რაც ჩვენმა სამხედროებმა გააკეთეს რუსეთის აგრესიის პირობებში, უკრაინაში აგრესიის ფონზე, ერთმნიშვნელოვანია, რომ ეს არის ქვეყნის ღალატი

მინდა ვუპასუხო გომელაურის კითხვას, არის თუ არა დანაშაული FSB-ს შეფთან შეხვედრა და ვუპასუხო კანონით: დიახ, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის მერვე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, რუსეთის FSB, რომელსაც შექმნილი აქვს სასაზღვრო პოლიცია ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არის კონკრეტულად დამნაშავე უწყება, რომელთანაც ურთიერთობები ისჯება კანონით, ასევე მისი ქმედებები ჯდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 319 მუხლის კონტექსტში და ის სჩადის დანაშაულს საქართველოს ინტერესების, სახელმწიფოს წინააღმდეგ. გარდა ღალატისა, რაც შეიძლება იყოს პოლიტიკური შეფასებისა, ეს არის ღალატი სისხლის სამართლის კოდექსის, როდესაც ხდება მსგავსი შეხვედრები. სწორედ ეს შეხვედრა, რომელიც 1 გამჟღავნდა, ადასტურებს, რომ სწორედ ამიტომ არც ერთი რუსი ჯაშუში არ ყოფილა გამოვლენილი ამდენი ხნის განმავლობაში, სწორედ ეს ხსნის იმას, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე, საქართველო არის პუტინის მხარეს. სწორედ ეს ხსნის იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობა თავს ესხმის არა ოკუპანტს, არამედ ჩვენს პარტნიორებს, დასავლეთს, ელჩებს, რომლებიც დგანან ჩვენი უსაფრთხოების სადარაჯოზე. სწორედ ეს ხსნის კონტაქტებს ევტუშენკოვსა და ბიძინა ივანიშვილს შორის. შესაბამისად, ცხადია, რომ ეს არის კრიტერიუმი, რომლითაც კონკრეტულად გომელაურიც, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, ეს ჯდება საერთაშორისო პერსონალური სანქციების კონტექსტში, რომელზეც იცით, რომ ვმუშაობთ, გარდა ივანიშვილისა იმ გარემოცვაზე, რომელიც ხელს უწყობს ივანიშვილს რუსებთან კონტაქტების გამყარებაში, რომელიც ხელს უწყობს ამ ოლიგარქიულ მმართველობას და ასევე, ეს ჩვენთვის უნდა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი, რომ გავაკეთოთ დასკვნები, რა ტიპის გუნდს, ბანდას აქვს მიტაცებული ჩვენი სახელმწიფო. რა თქმა უნდა, არანაირი ილუზია რაიმე სახის გამოძიებაზე, პასუხებზე მე არ გამაჩნია, იმიტომ რომ შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც საიდუმლოდ მიდის, ღალატობს ქვეყნის ინტერესებს და ხვდება ოკუპანტის, მოძალადის, ტერორისტული სახელმწიფოს მეთაურს, ის არათუ რამეს გამოიძიებს, არამედ გააგრძელებს ქვეყნის ღალატს. შესაბამისად ჩვენი, მოქალაქეების ვალია, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ ამას და ჩვენი, პოლიტიკოსების ვალია, ყველაფერი გავაკეთოთ მათი პერსონალური სანქცირებისთვის”, – ამბობს ხოშტარია.